რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგი სამხედრო გეგმა შეცვალა

უკრაინელი სამხედროები ბახმუტში
MANU BRABO FOR THE WALL STREET JOURNAL

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, ზოგიერთი დოკუმენტი ავთენტურია. 

CNN-ს ინფორმაციით, საიდუმლო დოკუმენტების თანახმად, აშშ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთვალთვალებდა. საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით მედია აღნიშნავს, რომ ეს გასაკვირი არ არის, მაგრამ უკრაინელი ოფიციალური პირები იმედგაცრუებულები არიან დოკუმენტების გასაჯაროების გამო. 

New York Times-ის ცნობით, Twitter-სა და Telegram-ზე ვრცელდება დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის კონტრშეტევისთვის მოსამზადებელ გეგმასთან დაკავშირებით აშშ-სა და NATO-ს საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს

როგორც პენტაგონი იუწყება, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება ინფორმაციის გავრცელების წყაროსთან დაკავშირებით. სპეციალისტები მუშაობენ დოკუმენტების სოციალური მედიიდან წაშლაზე. 

New York Times-თან ინტერვიუში სამხედრო ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტების შინაარსი დიდი ალბათობით შეცვლილია. ეს შესაძლოა მოსკოვის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობა იყოს, ვინაიდან დოკუმენტში უკრაინის დანაკარგები გადაჭარბებულად არის შეფასებული, ხოლო რუსეთის - პირიქით. 

New York Times-ის ინფორმაციით, დოკუმენტებში აღწერილი არაა  სად, როდის და როგორ აპირებს უკრაინა კონტრშეტევის წარმართვას, თუმცა მათში ბევრი მინიშნებაა სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის თანახმად, აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა იცოდნენ კერძო სამხედრო კომპანიის, ვაგნერის მცდელობის შესახებ, რომ იგი NATO-ს წევრი თურქეთისგან იარაღის შეძენას აპირებდა. ინფორმაციას სააგენტო The Washington Post აქვეყნებს.

კომენტარები