სასამართლო კლანის სანქცირება

"გვაქვს გარკვეული ინფორმაცია და ფაქტები" – გვრიტიშვილს ღარიბაშვილთან შეხვედრა სურს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ მოსამართლეს, დიმიტრი გვრიტიშვილს საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა სურს. გვრიტიშვილი ამბობს, რომ ღარიბაშვილი ქვეყანაში უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი, რომელის ერთ-ერთი ნაწილი დამოუკიდებელი სასამართლოა. 

"პრემიერთან შეხვედრას ვითხოვთ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა და საქართველოს პრემიერმინისტრი, როგორც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი,  პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვაზე. უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი კომპონენტი უდავოდ არის დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არის დემოკრატიის ქვაკუთხედი, ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა. ამიტომ მას, როგორც ქვეყანაში უსაფრთხოებაზე უპირველესად პასუხისმგებელ პირს, მივმართეთ, მოგვისმინოს. ჩვენ გარკვეული ინფორმაციები, გარკვეული ფაქტები, რომელსაც მივაწვდით და დაველოდებით შემდგომ რეაგირებას". - ამბობს გვრიტიშვილი. 

გუშინ, 5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა "მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, უვადო მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ასევე უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა და შეერთებულ შტატებში შესვლა აუკრძალა. სანქციები დაუწესდათ ოჯახის წევრებსაც. 

როგორც დღეს, 6 აპრილს აშშ-ს ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განმარტა, სანქცირებული პირები ხელს უშლიდნენ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას. 

კომენტარები