ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა – KCNA

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის წარმოების გაზრდის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სიახლეების სააგენტო, KCNA ავრცელებს.

კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კიმმა ბირთვული იარაღის სახელმწიფო ინსტიტუტის ოფიციალურ პირებთან და მეცნიერებთან შეხვედრისას, ხაზი გაუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის მარაგის "ექსპონენციური" ზრდა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა ბირთვული იარაღის როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი ზრდის მიზნით ინსტიტუტის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოისმინა.

KCNA-ს ინფორმაციით, შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ძალების მტერი არა რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო ან ჯგუფია, არამედ ზოგადად ომი და ბირთვული კატასტროფაა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ბირთვული იარაღის წარმოების ზრდის მიზანი სახელმწიფოს მარადიული უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფაა. 

გარდა ამისა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა მზადაა, ბირთვული იარაღი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გამოიყენოს. მისივე თქმით, ატომური ძალების მუდმივი გაძლიერება სახელმწიფო სუვერენიტეტის, სისტემისა და ხალხის დაცვის წინაპირობაა. 

კომენტარები