ქართული ოცნება

თბილისის მერია: წინა წელთან შედარებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%-ით გაიზარდა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა 43%- ით არის გაზრდილი.

მერის განმარტებით, მონაცემები იმის მაჩვენებელია, რომ რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და სხვა ევროპულ ქალაქებში დანერგილი მიდგომები წარმატებით ინერგება დედაქალაქში. 

" რა თქმა უნდა, დაგეგმილი ღონისძიებები ბოლომდე იქნება მიყვანილი, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვის თვალსაზრისით, ასევე, განცალკევებული
საავტობუსო ზოლების დასამატებლად და ერთმანეთთან დასაკავშირებლად".- აღნიშნა მერმა. 

კახა კალაძის თქმით, 28 მარტს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის რეკორდული მაჩვენებლი დაფიქსირდა. გაზრდილია მგზავრთანაკადი მეტროშიც. 

" ტრანსპორტის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების შედეგად, 28 მარტს დაფიქსირდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით რეკორდული - 1 360 795 მგზავრობა. აღსანიშნავია მგზავრთნაკადის ზრდა მეტროშიც. გასული წლის 23 დეკემბერს მეტრო 527 636 მგზავრს მოემსახურა. ეს შედეგია იმ რეფორმისა, რომლის ფარგლებში, სრულად განახლდა საავტობუსო და მიკროავტობუსების ავტოპარკი, მიმდინარეობს და დაგეგმილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია, შემუშავებულია სადგურების გარშემო არეალის მოწესრიგებისა და მისაწვდომობის გაუმჯობესების კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ასევე, განახლდა და ამოქმედდა უნივერსიტეტი-მაღლივის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. წლის ბოლოს ამოქმედდება რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო მარშრუტიც". - თქვა კალაძემ. 

თბილისის მერმა ისაუბრა ტრანსპორტის ახალი ქსელის დანერგვაზეც. როგორც კალაძემ აღნიშნა, სხვადასხვა რაიონის კვანძებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეწყობა. მერმა წელს 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაც  დაანონსა და განმარტა, რომ სატრანსპორტო რეფორმის გარეშე კერძო ავტომობილებით გადაადგილების მაჩვენებელი კიდევ უფრო მზარდი გახდებოდა. 

„2016 წელს დედაქალაქში გადაადგილდებოდა 300 000-მდე ავტომობილი. დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 580 000-დან 600 000-მდეა. ეს ტენდენცია გრძელდება და გაგრძელდება. ევროპაში ავტომობილი ჰყავს მოსახლეობის 70%-ს და კვირაში ხუთი დღე ან მეტი, ავტომობილით გადაადგილდება 12%. დედაქალაქში ავტომობილს ფლობს, დაახლოებით, 45% და კვირაში ხუთი დღე ავტომობილს გამოიყენებს მფლობელების 97%. ამ რეალობაში გვიწევს სატრანსპორტო რეფორმის გატარება. მესმის, რომ ის არაპოპულარულია, მაგრამ საუბარია ამ ქალაქის მომავალზე. წლების წინ რომ დაეწყოთ აღნიშნული რეფორმის განხორციელება, დღეს თბილისში სხვა რეალობა გვექნებოდა. არ ვუშინდებით აღნიშნულ გამოწვევებს, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია“. - აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები