ალეკ ბოლდუინი

გადასაღებ მოედანზე დაღუპული ოპერატორის საქმეზე რეჟისორის ასისტენტი დამნაშავედ ცნეს

Yahoo News

სასამართლომ რეჟისორის ასისტენტი დეივ ჰოლსი ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით მოპყრობის საქმეზე დამნაშავედ ცნო.

ჰოლსი ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე იარაღზე იყო პასუხისმგებელი. პროკურატურა იარაღის სპეციალისტისთვის პატიმრობას ითხოვდა, მოსამართლემ ბრალდებულს 6-თვიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა ჰოლსს დაეკისრა $500-იანი ჯარიმა, 24-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები, ასევე ვალდებულია ითანამშრომლოს პროკურატურასთან და სასამართლოსთან, გაიაროს იარაღის უსაფრთხოების 60-დღიანი კურსები.

დევიდ ჰოლსი Rust-ის საქმეზე პირველი ბრალდებულია, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ერთ-ერთი ბრალდებული მსახიობი ალეკ ბოლდუინიც არის, რომლის გასროლას ოპერატორის სიკვდილი მოჰყვა. 


2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას ბოლდუინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი წარწერით ყველაფერი კარგად იქნება გამოაქვეყნა.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

2022 წლის აპრილში ნიუ-მექსიკოს შტატმა Rust-ის პროდიუსერებს $136 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

ბოლდუინის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული, მთავარი ბრალმდებლები ჰატჩინსის დედა და და არიან. ოპერატორის ქმარმა მსახიობს სასამართლოში არ უჩივლა. 

2023 წლის თებერვალში ალეკ ბოლდუინს დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

კომენტარები