თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

მინისტრი რესპუბლიკურის თანამშრომლებზე: თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით

საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოს დანგრევის შემთხვევაში, სამინისტრო პასუხისმგებლობას აიღებს ყველა დასაქმებულზე და იმ შემთხვევაში, თუ მედპერსონალს სხვა კლინიკებში ვერ დაასაქმებენ, მათ ხელფასს მაინც გადაუხდიან.

"ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ". – თქვა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფოსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას დასკვნის საფუძველზე მიიღებენ და მას სამინისტრო მომავალ კვირაში წარადგენს.

"ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ, პირველ რიგში, ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. 

დაახლოებით სამი წლის განმავლობაში ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, არაა სწორი". – თქვა აზარაშვილმა.

საქართველოს მთავრობამ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 21 მარტს თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ქართულ ოცნებას სახელმწიფო სამედიცინო ცენტრის ადგილმდებარეობის შეცვლისა და ტერიტორიის ნგრევის გასაპროტესტებლად ღია წერილით მისწერეს

27 მარტს ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი რესპუბლიკური საავადმყოფოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არცერთ ექიმს, ექთანსა და სანიტარს დასაქმების კუთხით პრობლემა არ შეექმნება და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრა მომავალ კვირას შედგება. მანამდე ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილების შემდეგ გამოწვეულ ხმაურს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, საუბარი არის იმავე და არა სხვა ადგილას ახალი საავადმყოფოს მშენებლობაზე და ყველა თანამშრომელს სამსახური შეუნარჩუნდება. 

კომენტარები