სექსუალური შევიწროება

კობახიძე კეზერაშვილზე: ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია, მართო

"მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ პოლიტიკური შეტევა შალვა რამიშვილზე, ეს არის სუფთად პოლიტიკური მიზნებით და მოტივებით ნაკარნახევი შეტევა, აქედან გამომდინარე, მე ვერ ვიქნები ამ კამპანიის მხარდამჭერი" - ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შალვა რამიშვილის მხრიდან რამდენიმე ქალის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტებზე დასმულ კითხვაზე საუბრისას თქვა. მისი მტკიცებით, "ტელეკომპანია პოსტივი გადავიდა მესამე ადგილზე, გაასწრო მთავარ არხს, ყველა ოპოზიციურ არხს, ეს არ მოსწონს ოპოზიციას და აქედან გამომდინარე, დაიგეგმა კონკრეტული კამპანია შალვა რამიშვილის წინააღმდეგ, რომელიც არის პოსტივის ერთერთი სახე, ეს არის პოლიტიკური მოტივი".

კითხვაზე, გმობს თუ არა ძალადობას და უჭერს თუ არა მხარს ძალადობის მსხვერპლ ქალებს, კობახიძე ამბობს, რომ "ზოგადად" ქალთა მიმართ ძალადობას გმობს.

"მე დეტალები ყველაფრის არ ვიცი, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არის ორკესტრირებული პოლიტიკური შეტევა, რომლიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. კეზერაშვილმა თავის თანამშრომლებს მიხედოს და თავის ტელევიზიას მიხედოს, თავის ტელევიზიებში ათავისუფლოს ხალხი" - ამბობს კობახიძე.

კითხვაზე, ამდენ ქალს მართავს კეზერაშვილი? - ქართული ოცნების თავმჯდომარე პასუხობს - "ამდენი ფული როცა გაქვს, ამდენი ქალიც შეგიძლია მართო".


ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა. შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს. პოსტივის დამფუძნებელი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა კიდევ ერთმა ქალმა - მირანდა ძირკვაძემ.

იქამდე, 2018 წელს, პროპაგანდისტული პოსტივის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოც მოუგო ჟურნალისტმა თათია სამხარაძემ. რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს თათია სამხარაძე ჰყავდა გატაცებული. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ბინა გაჩხრიკეს. დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან POSTV-ს ჟურნალისტები მომდევნო დღეების განმავლობაშიც დარჩნენ, ასევე, მივიდნენ თათია სამხარაძის სახლთან. მოგვიანებით, თათია სამხარაძემ ინფორმაცია უარყო და დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. გუშინ, 27 მარტს სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ქალებზე ძალადობა და ხელისუფლება მის წახალისებაში გააკრიტიკა. 

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დააარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები