შალვა რამიშვილი

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორსა და ქართული ოცნების პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს. ჩანაწერი, რომელიც რამიშვილისა და გაჩეჩილაძის საუბარს ასახავს, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა, ხოლო გაჩეჩილაძემ მისი ავთენტურობა დაადასტურა. შეხვედრა 2018 წელს შედგა - გაჩეჩილაძე ამბობს, რომ რამიშვილმა თავად დაიბარა.

ჩანაწერში სმის, თუ როგორ ავიწროებს სექსუალურად შალვა რამიშვილი ანანია გაჩეჩილაძეს.

" – ჯიუტობ, პატარა გოგო ხარ და ტვინს ტ*ნავ, იბრძვი, შენს გზას მიჰყავხარ, რაღაცებს ამტკიცებ, რა ჩემს *ლედ გინდა, მისდიე შენს სხეულს, დადექი რა*ამ და მოგ**ნავენ, რა. რა იცი, იქნებ კარგია, ვიღაცების ხელში სათამაშო იყო. ტ*ნაურის დროს რომ გცემენ, გევასება?

– თქვენთან არ მინდა სექსი.

– როგორ არ გინდა, გინდა". – ისმის ჩანაწერში.

ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა.

მაკო ჯაბუა მეორე ქალი იყო, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა. მანამდე რამიშვილს უჩივლა და დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგო თათია სამხარაძემ.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები