ქალებზე ძალადობა

ზურაბიშვილი: ხელისუფლება ძალადობას არ ემიჯნება, მოძალადეს აგულიანებს, უნდა გრცხვენოდეთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა სამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ხელმძღვანელის, შალვა რამიშვილის მხრიდან ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ზურაბიშვილმა შემაშფოთებელი უწოდა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას და ხაზი გაუსვა, რომ ხშირ შემთხვევაში სწორედ სიტყვიერი ძალადობით დაწყებული შემთხვევები ფემიციდითაც მთავრდება.

"შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო ამის სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ, ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახელზე პრეტენზია გააჩნიათ. ასეთი არაცივილური, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია ადამიანურად, როგორც მორალურად. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში, ფემიციდის ტრაგიკული შედეგითაც სრულდება. ყოველივე შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს, ვგმობ კატეგორიულად. ვგმობ, პირველ რიგში, როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ტრადიციებთან, ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია და რასაც შეუძლია მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს, რომლის ისტორიას იცნობდნენ და კიდევაც იცნობენ, როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას. ქვეყანას, სადაც ქალთა მიმართ არც პატივისცემას აკლებდნენ და არც ზრდილობას". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება და თქვა, რომ ისინი ძალადობისგან გამიჯვნის ნაცვლად, მოძალადეს აგულიანებენ.

"ჩვენი ისტორიისა და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს პოლიტიკური ზიანიც. იმ დროს, როცა ხელისუფლება თავს აწონებს სწორედ 12 რეკომენდაციიდან იმ ნაწილების შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის, რომ ერთი ხელით ვაუქმებთ მეორეთი ქაღალდზე დატანილს. მეტიც, ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლზე ამით განმეორებით ძალადობს, ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება. უნდა გრცხვენოდეთ". – თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ბრიფინგს წინ უძღვოდა თათია სამხარაძის მიერ მისთვის დახმარების თხოვნა. ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა. შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს.

მაკო ჯაბუა მეორე ქალი იყო, რომელმაც შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროვებაში ღიად დაადანაშაულა. მანამდე რამიშვილს უჩივლა და დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში მოუგო თათია სამხარაძემ.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები