რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: უკრაინელებმა ვაგნერელები ბახმუტის მომარაგების მთავარი გზიდან უკუაქციეს

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დონბასის ქალაქ ბახმუტში ბრძოლა გრძელდება, ხოლო რუსული თავდასხმები, წინა კვირებთან შედარებით, ნაკლებად ინტენსიური ხასიათისაა. 

"უკრაინის ბოლო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, სავარაუდოდ, ვაგნერის ჯგუფის წევრების 0506 გზიდან უკან დახევა იყო". - აღნიშნულია ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში. 

უწყების განმარტებით, ეს გზა, რომელიც ჩასივ იარს და ხრომოვეს დასახლებებს აკავშირებს, უკრაინელი დამცველებისთვის მომარაგების მთავარ გზად იქცა. ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის წევრები მანამდე მარშრუტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში იმყოფებოდნენ.

"2023 წლის 26 მარტს რუსული მედია ამტკიცებდა, რომ ვაგნერმა სრულად აიღო აზომის ქარხნის კომპლექსი ბახმუტის ცენტრის ჩრდილოეთით. თუმცა, ტერიტორია სავარაუდოდ, ბოლო ორი კვირის მსგავსად, ახლაც სადავო რჩება". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

გარდა ამისა, ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური წერს, რომ მას შემდეგ, რაც ვაგნერმა 5 000 მებრძოლის გათავისუფლება დაადასტურა, პერსონალის დეფიციტი რუსეთის მხრიდან თავდასხმის მცდელობებს აფერხებს. 

კომენტარები