თათია სამხარაძე

GDI: ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია ქალთა მიმართ ძალადობას ახალისებს

ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა [GDI] თათია სამხარაძის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. GDI გმობს ოცნების პროპაგანდისტის, შალვა რამიშვილის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების სავარაუდო შემთხვევებს და საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან "არაადეკვატურ რეაგირებას".

განცხადებაში ნათქვამია, რომ POSTV-ს მიერ პოლიციისთვის ინფორმაციის შეტყობინება და მისი გავრცელება, თითქოს თათია სამხარაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრ დიმიტრი ჩიქოვანს შესაძლოა, გატაცებული ჰყოლოდა, არის სამხარაძისა და სხვა შესაძლო მსხვერპლთა დისკრედიტაციის მცდელობა და შეიცავს ცრუ დასმენის ნიშნებს.

"GDI-ის პოზიციით, თათია სამხარაძის გატაცების შესახებ ინფორმაციის გამოგონება და გავრცელება წარმოადგენს რამიშვილის ქმედებების გადაფარვის, სამხარაძისა და სხვა შესაძლო მსხვერპლთა დისკრედიტაციის მცდელობას. ამასთანავე, აღნიშნული ინფორმაციის პოლიციისთვის შეტყობინება შეიცავს სავარაუდო დანაშაულის, კერძოდ, ცრუ დასმენის ნიშნებს." - ნათქვამია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ამყარებს საზოგადოებაში სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას და აბრკოლებს მოძალადეთა გამოვლენას.

"მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს, თითქოს მსხვერპლი ქალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ არის სანდო იმის გამო, რომ მომხდარიდან გარკვეული დრო არის გასული. ხელისუფლების წარმომადგენელთა ასეთი პოზიცია ახალისებს ქალთა მიმართ ძალადობას, შევიწროებას, აბრკოლებს სამართალდამრღვევთა გამოვლენას და ხელს უწყობს მათ დაუსჯელობას. გარდა ამისა, POSTV-ის პროსამთავრობო პოზიციონირების გათვალისწინებით, ქართული ოცნების წარმომადგენელთა განცხადებები წარმოადგენს POSTV-ისა და შალვა რამიშვილის გამოსარჩლების მცდელობას სექსუალურ შევიწროებაში მამხილებელთა დისკრედიტაციის ხარჯზე." - წერია განცხადებაში.

GDI მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დროულად შეისწავლონ და რეაგირება მოახდინონ შესაძლო ადმინისტრაციულ თუ სისხლის სამართლის საკანონმდებლო დარღვევებზე. 

24 მარტს სამთავრობო ტელევიზია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენმ-ს წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს ჟურნალისტი თათია სამხარაძე ჰყავდა გატაცებული. ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და ბინა გაჩხრიკეს. დიმიტრი ჩიქოვანის სახლთან POSTV-ს ჟურნალისტები მომდევნო დღეების განმავლობაშიც დარჩნენ, ასევე, მივიდნენ თათია სამხარაძის სახლთან. მოგვიანებით, თათია სამხარაძემ ინფორმაცია უარყო და დახმარების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა. გუშინ, 27 მარტს სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ქალებზე ძალადობა და ხელისუფლება მის წახალისებაში გააკრიტიკა. 

თათია სამხარაძემ პირველი ქალია, რომელმაც პროპაგანდისტული პოსტივის დირექტორი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა და მას სასამართლოც მოუგო.  

ბოლო პერიოდში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა დაადანაშაულა. 20 მარტს შალვა რამიშვილი ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ ამხილა, 21 მარტს იმავე ბრალდებით პოსტი გამოაქვეყნა კიდევ ერთმა ქალმა, გვანცა ბუდაღაშვილმა. შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში კომპანია აიისას დამფუძნებელი, ანანია გაჩეჩილაძეც ადანაშაულებს.

შალვა რამიშვილი წლების განმავლობაში ქართული ოცნების მხარდამჭერი და პროპაგანდისტია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა. 2014 წელს მან ადმინისტრაცია დატოვა და ტელეკომპანია იმედზე გადაცემას უძღვებოდა. სწორედ ამ გადაცემის თანამშრომელი იყო თათია სამხარაძე, რომელმაც რამიშვილს სექსუალური შევიწროებისთვის უჩივლა. რამიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა იმედმა, რის შემდეგაც, მალევე, მან ინტერნეტ ტელევიზია POSTV დაარსა, შემდეგ კი ის ტელევიზიად გადაკეთდა.

კომენტარები