საქართველოს პარლამენტი

ლელოს საპარლამენტო ფრაქციამ პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტი მოამზადა

ფრაქცია ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის პიროტექნიკის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონპროექტს აინიცირებს. ამის შესახებ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა მედიას უთხრა.

"ჩვენი კანონპროექტი გულისხმობს პიროტექნიკის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტობრივად სრულ აკრძალვას, ვინაიდან პიროტექნიკა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, აბინძურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ცხოველებსა და ფრინველებს,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კანონპროექტი ითვალისწინებს ორ გამონაკლისს. ერთი ეს არის F1 კატეგორიის პიროტექნიკა, რომლის უსაფრთხოების მანძილია 1 მეტრი, ან ნაკლები და მისი გამოყენება შესაძლებელია დახურულ სივრცეში. მეორე კატეგორიის პიროტექნიკის გამოყენება კი დასაშვები იქნება მხოლოდ მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ერთჯერადად, განსაკუთრებულ შემთხვევებში.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის უკანონო გამოყენებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან შესაბამისად - 1 000 და 5 000 ლარით. პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე იყო ადმინისტრაციულ სახდელდადებული პიროტენიკის ამკრძალავი რეგულაციების საფუძველზე, დაისჯება სისხლის სამართლის წესით.

დეპუტატ არმაზ ახვლედიანის თქმით, კანონპროექტის ინიციატორებმა შეისწავლეს სხვადასხვა სახელმწიფოს პრაქტიკა პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და გაიარეს კონსულტაციები გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასევე, კანონპროექტს საფუძვლად უდევს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებული კვლევა საქართველოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებში პიროტექნიკის გამოყენების მიმართულებით არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

"დარწმუნებული ვარ, 2024 წელს საქართველო შეხვდება პიროტექნიკის გარეშე,“ - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

კომენტარები