რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსება ბელარუსში დესტაბილიზაციას გამოიწვევს

ოლექსი დანილოვი
AP Photo/Efrem Lukatsky

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსება, ამ ქვეყანაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს. დანილოვის განმარტებით, მოსკოვმა ბელარუსი "მძევლად აიყვანა". 

დანილოვმა პუტინის გადაწყვეტილებას ბელარუსში შიდა დესტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და დასძინა, რომ ამ გზით ბელარუსის საზოგადოებაში რუსეთისა და პუტინის მიმართ ნეგატიური აღქმა და უარყოფა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

"კრემლმა ბელარუსი ბირთვულ მძევლად აიყვანა". - წერს დანილოვი Twitter-ზე.

პუტინის გადაწყვეტილებას პენტაგონიც გამოეხმაურა. 25 მარტს პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ეზმადება, არ არსებობს.

მოსკოვი და მინსკი ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკურ ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ. 

პუტინმა თავისი გადაწყვეტილება აშშ-ს იარაღის ევროპაში განთავსებას შეადარა და თქვა, რომ ვაშინგტონის მსგავსად, რუსეთი იარაღზე კონტროლს ბელარუსს არ გადასცემს. მიუხედავად ამისა, ეს პირველი შემთხვევაა 1990-იანი წლების შუა პერიოდის შემდეგ, როდესაც რუსეთი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ბირთვულ იარაღს ათავსებს.

პუტინის თქმით, ამ ნაბიჯის მიზეზი გახდა დიდი ბრიტანეთის განცხადება, რომ უკრაინას ტანკებისთვის გაღარიბებული ურანის შემცველ ჯავშანგამჭოლ ჭურვებს გადასცემდნენ. მან ასევე დაამატა, რომ ბელარუსი დიდი ხანი ითხოვდა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას.

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს განათავსებს - პუტინი

კომენტარები