რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პარტიზანული მოძრაობა შავი ხიდის მტკიცებით, როსტოვში ФСБ-ს შენობის დაწვაში მათი ხელი ურევია

მარცხნივ - ხანძარი როსტოვში, მარჯვნივ - შავი ხიდის სიმბოლო

ჯგუფი შავი ხიდი, რომელიც თავს პარტიზანულ მოძრაობას უწოდებს, პასუხისმგებლობას იღებს 16 მარტს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში ФСБ-ს შენობაში მომხდარ ხანძარზე. შეტყობინება ამის შესახებ 20 მარტს, ჯგუფის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა და მედიის ყურადღება მხოლოდ მომდევნო დღეს მიიპყრო.

"ФСБ ქვეყანაში არის ფარისევლობის, ძალადობისა და უსამართლობის საყრდენი. სწორედ ამ სტრუქტურის თანამშრომლები აყალბებენ სისხლის სამართლის საქმეებს მათ წინააღმდეგ, ვინც არ ადგებათ, ართმევენ ბიზნესებს მეწარმეებს, დივერსიებს აწყობენ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, აწამებენ ოპოზიციონერებს და "კონკურენტებს" ფიზიკურად ანადგურებენ. უკრაინის მოვლენების დაწყებისას პარტიზანებიდან ჯერ კიდევ არავინ აქცევდა საკმარის ყურადღებას მათი უწყების შენობებზე ან თავად სპეცსამსახურების წარმომადგენლებზე თავდასხმას. და სულ ტყუილად. სამხედრო კომისარიატების ან Z-მანქანების დაწვა ეფექტიანობითა და რეზონანსურობით ვერასდროს შეედრება ცალკეული ფედერაციული შენობის მნიშვნელოვან დაზიანებას ან ინდივიდების, კანტორის თანამშრომლების ლიკვიდაციას.". – ნათქვამია ტელეგრამ-შეტყობინებაში. ეს სიტყვები მიეწერება ადამიანს, რომელიც, მათი მტკიცებით, უშუალოდ მონაწილეობდა ФСБ-ს შენობაში ხანძრის გაჩენაში. მოძრაობა შავი ხიდის მტკიცებით, მასთან ითანამშრომლეს. შესაძლო პარტიზანმა წერილში თანამოაზრეებს, რომლებიც რეჟიმთან ბრძოლის რადიკალურ მეთოდებს მიმართავენ, სერიოზული სამიზნეების დაზიანებისკენ მოუწოდა.

ამას გარდა, პოსტში დეტალურადაა აღწერილი როგორ იმუშავა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ.

ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, ხანძარი ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მეშვეობით გააჩინეს. ამ ცნობით, ასაფეთქებელი საწვავის ავზში იყო მოთავსებული.

ამავე პოსტში ნათქვამი იყო, რომ აფეთქების სავარაუდოდ მომწყობმა პირმა, რომელიც თავს ესკობარს ეძახის, გაშიფრული შეტყობინება სამიზნის შესახებ ჯერ კიდევ 14 მარტს გაავრცელა. თუმცა ამ შეტყობინებაში საუბარი იყო სხვა ქალაქზე, კერძოდ პავლოვსკი პოსადზე. ნახსენებ შეტყობინებაში ეწერა შიფრი – e33102a62dd829d313d5c6040bf88452e526de16d35598207b4c20ab52435f02 – რომელიც, როგორც შავი ხიდის ტელეგრამ-არხზე წერენ, იშიფრება, როგორც: "პავლოვსკი პოსადი. ФСБ. სალამი ესკობარისგან". ჯგუფის მტკიცებით, სამიზნე ქალაქი "კვალის არევის მიზნით" შეიცვალა.

რუსეთში, ქალაქ დონის როსტოვში ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველოს შენობას ხანძარი 16 მარტს გაუჩნდა. რუსეთის გადაუდებელ საქმეთა სამსახურში ამბობდნენ, რომ ცეცხლი გაჩნდა ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე, სადაც საწყობი მდებარეობდა. ცნობებით, ხანძრის წინ გაიგეს აფეთქების ხმა. აფეთქებების ხმები ხანძრის დროსაც ისმოდა, რასაც საწყობში მდებარე საბრძოლო მასალებს უკავშირებენ.

დონის როსტოვის ადგილობრივი მედია წერდა, რომ ხანძარს 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თუმცა ხელისუფლებას დაღუპულთა შესახებ ოფიციალურად არაფერი გამოუცხადებია.

შავი ხიდის ტელეგრამ-არხი, სადაც ზემოხსენებული პოსტი გავრცელდა, შექმნილია 2022 წლის 27 სექტემბერს და ამჟამად მხოლოდ 2 000-მდე გამომწერი ჰყავს. თუმცა, მათ ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული პირველი პოსტიდან ჩანს, რომ მოძრაობა აქამდეც არსებობდა. ამ ჯგუფის შესახებ აქამდე ფართო საზოგადოებისთვის არაფერი იყო ცნობილი.

კომენტარები