რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: უკრაინის ძალებმა ჩინური წარმოების გადაწყობილი და შეიარაღებული დრონი ჩამოაგდეს

ჩამოგდებული ჩინური დრონი
CNN

CNN-ის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ჩინური წარმოების დრონი, რომელიც რუს სამხედროებს გადაწყობილი და შეიარაღებული ჰქონდათ. მედიას დრონის ნარჩენები უკრაინელმა სამხედროებმა აჩვენეს.

უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი AK-47-ით ჩამოაგდეს. დრონი არის Mugin-5 ტიპის მოდელი, რომელიც კომერციული წარმოებისაა და არა სამხედრო დანიშნულების. მას ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ სიამენში აწარმოებენ.

ამ ტიპის დრონებს ზედმეტსახელად "ალიბაბას დრონებსაც" უწოდებენ, რადგან ჩინურ ონლაინ მაღაზიებში, როგორიცაა ალიბაბა და ტაობაო, მათი ყიდვა 15 000 დოლარადაა შესაძლებელი.

კომპანია Mugin-მა დაადასტურა, რომ ჩამოგდებული დრონის სისტემა მათია და ინციდენტს "ძალიან სამწუხარო" უწოდეს.

CNN-თან უკრაინელებმა თქვეს, რომ შემთხვევა 10 მარტს მოხდა. მათი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფმა აგენტებმა აცნობეს, რომ დრონი აფრინდა. უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია სამხედროებს მიაწოდა. ისინი ქალაქ სლოვიანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სამხედროებმა დრონი, რომელიც დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა, ავტომატებით ჩამოაგდეს. 

როგორც CNN წერს, დრონს არ ჰქონდა დამონტაჟებული კამერა, რაც ბრიტანეთის არმიის ოფიცრის, კრის ლინკოლნ-ჯონსის შეფასებით, ნიშნავს, რომ დანადგარს უმართავი ბომბის პრინციპით იყენებდნენ. მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ზესახელმწიფო არაა.

იანვარში ოკუპანტები ამტკიცებდნენ, რომ მათ უკრაინელების მიერ გაშვებული Mugin-5 ჩამოაგდეს. კიევს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, ექსპერტების თქმით, არსებობს სამხილები, რომ მსგავს ტექნოლოგიებს ორივე მხარე იყენებდა.

CNN-თან ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ შესაძლოა აპარატს არა კამიკაძე დრონის ფუნქცია, არამედ დაბმობვის დავალება ჰქონდა მიცემული. 

მიმდინარე ომში სამოქალაქო ტიპის დრონებს ორივე მხარე აქტიურად იყენებს.

"ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი გამოყენება შეწყდეს". – ამბობენ ჩინურ კომპანიაში. ამავე კომპანიამ, Mugin-მა 2 მარტს თავისი პროდუქტის ომში გამოყენება დაგმო და თქვეს, რომ ომის დაწყების შემდეგ, მათ არც რუსეთზე და აღარც უკრაინაზე აღარ ყიდიან.

კომენტარები