აშშ-რუსეთი

აშშ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც რუსული ავიაგამანადგურებელი მათ დრონს აზიანებს

აშშ-ს პენტაგონმა გამოაქვეყნა 14 მარტის შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აფრქვევს საწვავს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც შავი ზღვის თავზე სადაზვერვო მისიას საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ასრულებდა.

აშშ-მ თქვა, რომ MQ-9 Reaper-ის ტიპის დრონი შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ჩააგდეს, მას შემდეგ, რაც რუსულმა ავიაგამანდგურებელმა უპილოტო აპარატს საწვავი შეაფრქვია, სავარაუდოდ ოპტიკური სისტემების დასაზიანებლად, შემდეგ კი პროპელერს დაეჯახა.

42-წამიან ვიდეოში არაა ნაჩვენები თუ რა მოხდა საწვავის შეფრქვევამდე და შეფრქვევის შემდეგ.

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი და აშშ-ს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, მარკ მილი მომხდარზე რუს კოლეგებს, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ესაუბრნენ. ოქტომბრის შემდეგ ეს იყო პირველი სატელეფონო საუბრები რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან და გენშტაბის მეთაურ გერასიმოვთან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს შოიგუმ აშშ ინციდენტის პროვოცირებასა და კრემლის მიერ საფრენი ზონების შეზღუდვების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ამას გარდა, ვაშინგტონი "რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სადაზვერვო აქტივობებში" დაადანაშაულეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაფრთხილებით, ისინი "ყველა სახის პროვოკაციას პასუხს გასცემენ".

გასულ დღეს ინციდენტის მცირე კადრი გაავრცელა რუსულმა მხარემაც, თუმცა მოკლე ვიდეოში მხოლოდ MQ-9 ჩანს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დრონი საკუთარი "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა და მათი თვითმფრინავი აპარატს არ დასჯახებია.

CNN-ის ინფორმაციით, დრონის ჩამოგდების ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ხომალდების აქტივობა შეინიშნება და შესაძლოა ისინი უპილოტო საფრენი აპარატის ნარჩენების ძებნასა და წყლიდან ამოღებას ცდილობენ.

მარკ მილის შეფასებით, დრონის ნარჩენების ამოღება ძალიან რთული იქნება, რადგან წყლის სიღრმე 1219-1524 მეტრია.


აშშ-ს ევროპული სარდლობის ინფორმაციით, 14 მარტს შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 შეეჯახა. 

უწყების ცნობით, ორმა რუსულმა Су-27-მა "შეასრულა სახიფათო და არაპროფესიონალური გზის გადაჭრის" მცდელობა აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის დრონის, MQ-9-ის წინააღმდეგ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო ზონაში დაფრინავდა.

"დაახლოებით 7:03-ზე ერთ-ერთი რუსული Su-27 MQ-9-ის პროპელერს შეეჯახა, რის შედეგადაც აშშ-ს ძალებს MQ-9-ის საერთაშორისო წყლებში ჩამოგდება მოუწია. შეჯახებამდე რამდენჯერმე, Su-27 MQ-9-ს ასხამდა საწვავს და მის წინ დაუფიქრებლად დაფრინავდა, გარემოს შეუსაბამო და არაპროფესიონალური ქცევით. ეს ინციდენტი არაუსაფრთხო და არაპროფესიულობის გარდა კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებაა". – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს საჰაერო ძალების გენერლის, ჯეიმს ბ. ჰეკერის თქმით, MQ-9 რუტინულ ოპერაციებს ატარებდა, როცა მას შეეჯახა რუსული თვითმფრინავი, რომელიც კინაღამ ასევე ჩამოვარდა.

კომენტარები