აშშ-რუსეთი

ამერიკულ დრონს არ დავჯახებივართ, თავისით ჩამოვარდა – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

MQ-9

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დრონი საკუთარი "მკვეთრი მანევრირების" შედეგად ჩამოვარდა. 

რუსეთის თავდაცვაში ამბობენ, რომ შემთხვევა ყირიმის რაიონში მოხდა. მათი მტკიცებით, დრონი გამორთული ტრანსპონდერებით დაფრინავდა, რუსეთის მიმართულებით და "დაარღვია სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად დაწესებული საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის ტერიტორიის საზღვრები".

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ დრონის დაფიქსირების შემდეგ აფრინდნენ მათი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალების ავიაგამანადგურებლები.

"მოსკოვის დროით 9:30-ზე მკვეთრი მანევრირების შედეგად უპილოტო საფრენი აპარატი MQ-9 სიმაღლის დაკარგვის შემდეგ უმართავ ფრენაში გადავიდა და წყლის ზედაპირს შეასკდა". – ამბობენ რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

რუსეთის თავდაცვის მტკიცებით, მათი ავიაგამანადგურებლები დრონთან კონტაქტში არ შესულან და იარაღი არ გამოუყენებიათ. 

აშშ-ს ევროპული სარდლობის ინფორმაციით შავი ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე ამერიკულ MQ-9 ტიპის უპილოტო საფრენ აპარატს რუსული ავიაგამანადგურებელი Су-27 შეეჯახა. 

უწყების ცნობით, ორმა რუსულმა Су-27-მა "შეასრულა სახიფათო და არაპროფესიონალური გზის გადაჭრის" მცდელობა აშშ-ს საჰაერო ძალების დაზვერვის დრონის, MQ-9-ის წინააღმდეგ, როდესაც უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე, საერთაშორისო საჰაერო ზონაში დაფრინავდა.

"დაახლოებით 7:03-ზე ერთ-ერთი რუსული Su-27 MQ-9-ის პროპელერს შეეჯახა, რის შედეგადაც აშშ-ს ძალებს MQ-9-ის საერთაშორისო წყლებში ჩამოგდება მოუწია. შეჯახებამდე რამდენჯერმე, Su-27 MQ-9-ს ასხამდა საწვავს და მის წინ დაუფიქრებლად დაფრინავდა, გარემოს შეუსაბამო და არაპროფესიონალური ქცევით. ეს ინციდენტი არაუსაფრთხო და არაპროფესიულობის გარდა კომპეტენციის ნაკლებობის გამოვლინებაა". – ნათქვამია განცხადებაში. 

აშშ-ს საჰაერო ძალების გენერლის, ჯეიმს ბ. ჰეკერის თქმით, MQ-9 რუტინულ ოპერაციებს ატარებდა, როცა მას შეეჯახა რუსული თვითმფრინავი, რომელიც კინაღამ ასევე ჩამოვარდა.

კომენტარები