რუსული კანონი

პრაისი: საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ოფიციალურად გაიწვიოს კანონპროექტი

ნედ პრაისი
Photo by Patrick Semansky / POOL / AFP

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ კანონი უცხოურ აგენტზე ოფიციალურად გაიწვიოს და მსგავსი კანონმდებლობა აღარ განაგრძოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ძალიან ცხადია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოსთვის ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალია. ჩვენ მივესალმებით "უცხოური გავლენის" კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მმართველ პარტიას მოვუწოდებთ, ოფიციალურად გაიწვიოს ეს კანონპროექტი და აღარ განაგრძოს მსგავსი კანონმდებლობა, რადგან ის აშკარად შეუთავსებელია საქართველოსა და ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან". – თქვა პრაისმა.

ამას გარდა ნედ პრაისმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს ევროკავშირის კანდიდატობის მისაღებ რეფორმებზე ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა

"საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოვუწოდებთ, მონდომებით ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც სასწრაფოდაა საჭირო ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მისაღებად, რაც საქართველოს მოქალაქეებს ძლიერ სურთ". – მოუწოდა პრაისმა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ ქართველი ხალხის მისწრაფებების პარტნიორობას განაგრძობს.

"მაგრამ, აზრი ისაა, რომ ბოლო დროის განმავლობაში, არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირა, უკვე რამდენიმე ათწლეულია, რაც ქართველმა ხალხმა საკუთარი ხმით ცხადად თქვა, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც იქნება დემოკრატიული, აყვავებული, ევროატლანტიკურ რეგიონში ინტეგრირებული. მათ ეს კვლავ თქვეს და აშშ განაგრძობს პარტნიორობას ამ მისწრაფებებისთვის". – აღნიშნა პრაისმა. 

აშშ-ს საელჩო: მოვუწოდებთ ოცნებას, ოფიციალურად უარყოს და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას

 საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოიხმეს და მას მეორე მოსმენით ჩააგდებენ. მათივე მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა უკვე გაიწვიეს კანონპროექტის მეორე ვერსია, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი. საქართველოს პარლამენტი ავრცელებს შალვა პაპუაშვილის წერილსაც, რომელიც მან ვენეციის კომისიის თავმჯდომარეს გაუგზავნა.

ქართული ოცნების დაპირების მიუხედავად, პარლამენტთან მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ, სასწრაფოდ დაენიშნა პარლამენტს პლენარული სხდომა და გაეთავისუფლებინა 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული 133 პირი. დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა ადამიანი გაათავისუფლა.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.  

რატომ არ არის ოცნების კანონი ამერიკული და არის რუსული

კომენტარები