რუსული კანონი

აშშ: მოვუწოდებთ ოცნებას, ოფიციალურად უარყოს და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას

აშშ ქართულ ოცნებას დაჟინებით მოუწოდებს ოფიციალურად უარყოს [რუსული] კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამის განცხადებას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ ნათლად თქვა, რომ საქართველოს ერთადერთი არჩევანი უსაფრთხო და წარმატებული ევროპული მომავალია. მივესალმებით ქართული ოცნების გადაწყვეტილებას "უცხოური გავლენის" შესახებ ორივე კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით. დაჟინებით მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, რომ ოფიციალურად უარყოს ეს კანონპროექტები და აღარ მიჰყვეს ამ ტიპის კანონმდებლობას, რომელიც შეუთავსებელია ქართულ და ევროპულ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ გულწრფელად ერთად იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის სასწრაფოდ საჭირო რეფორმებზე, რაც საქართველოს მოქალაქეების მკაფიო სურვილია". - წერია აშშ-ს განცხადებაში.


7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

9 მარტს, საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხოელი აგენტების შესახებ რუსულ კანონს გაიწვევენ.   

კომენტარები