მდინარაძე რუსულ კანონზე: II მოსმენაზე ჩავაგდებთ, უკვე გამოვიხმეთ ვენეციის კომისიიდან

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, "საპარლამენტო უმრავლესობა სრული შემადგენლობით ადასტურებს" რუსული კანონის გაწვევის გადაწყვეტილებას. მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უკვე გააგზავნა წერილი ვენეციის კომისიაში კანონპროექტების გამოხმობის შესახებ.

"შესაბამისად, ვენეციის კომისიას ჩვენ აღარ ვთხოვთ, რომ მოხდეს მათი განხილვა და დასკვნის გამოგზავნა" - ამბობს მდინარაძე.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, ერთი კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ კომიტეტების დონეზე იყო მხარდაჭერილი, ხალხის ძალამ უკვე გამოიხმო. პირველი მოსმენით მხარდაჭერილი რუსული კანონი კი,  მამუკა მდინარაძის თქმით, "მეორე მოსმენით გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ".

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი სპეკულაციებს უწოდებს განცხადებებს, რომ შესაძლოა, ხელისუფლებამ კანონი არ გაიწვიოს. 

"კანონი ჩავარდება, ეს ძალიან მკაფიოდ, კანონი ჩავარდება პირველივე სხდომაზე, როგორც ამას საქართველოს რეგლამენტი ითვალისწინებს, სხვაგვარი დათქმა არ არის. თუ ვინმეს უნდა ამ ფორმალობასთან დაკავშირებით რაღაცა მუხტი შეინარჩუნოს, პასუხისმგებელი იქნება თითოეული ადამიანის ფრჩხილის ტკენაზე. დღეს თუ კიდევ ამით აპირებენ რაღაცა მუხტის გაზრდას და აბსოლუტური სპეკულაციაა ახლა ტექნიკურ და ფორმალურ დეტალებზე საკითხის გადატანა და ამით მუხტის შენარჩუნების მცდელობა.

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა ხვდება, რომ უკან ვერავინ წაიღებს, თორემ ხალხის პროტესტზე თუა ახლა საუბარი, ათმაგი პროტესტი იქნება ამის უკან წაღების შემდეგ, ეს წარმოუდგენელი ამბავია" - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი და რეგლამენტზე საუბრობს.

"პირველ მოსმენამდე შესაძლებელია გაწვევა, ერთი კანონის შემთხვევაში ასეც მოხდა. რადგან მეორე კანონი პირველი მოსმენით არის მიღებული, გაწვევა არის შეუძლებელი, ასევე დაჩქარებულად განხილვაც შეუძლებელია, იგივე რეგლამენტის თანახად. წმინდა წყლის სპეკულაციაა, ამ ლოგიკით შეგვიძლია სხვა ნებისმიერი გაწვეული კანონი დავაინიციროთ და დაჩქარებული წესით მივიღოთ, ჰო? ასეთ რაღაცაზე თუ წავა რომელიმე პოლიტიკური გუნდი" - თქვა მდინარაძემ.

კომენტარები