რუსული კანონი

ჯაფარიძის ძმა: ზურა ისევ დაკავებულია, სასამართლო არ ჩაუნიშნავთ, ტრავმები აქვს თავის არეში

ტაბულა

გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმა, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ დაკავებული ოპოზიციონერი ჯერ არ გაუთავისუფლებიათ.

"ხვალ ღამე იწურება ის 48 საათი და მოლოდინია, რომ ხვალ იქნებ ჩანიშნონ სასამართლო. თუმცა, ეს არის მხოლოდ მოლოდინი, დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. ყველა ინფორმაცია მე მაქვს მხოლოდ მისი ადვოკატებისგან და სახალხო დამცველის აპარატისგან... მას აღენიშნება ტრავმები, რომელიც მიიღო დაკავებისას და შემდეგ სუს-ის ეზოში, როცა პოლიციამ რაღაც სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა და სასტიკად გაუსწორდა. ძირითადად, ტრავმები აქვს თავის არეში" - თქვა გია ჯაფარიძემ ფორმულას ეთერში.

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები პოლიციელებმა 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავების დროს სცემეს. ადვოკატის თქმით, პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ხელკეტი თავის არეში ურტყეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 7-8 მარტს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძისა და აქციის სხვა მონაწილეების მიმართ პოლიციის მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადაჭარბების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

კომენტარები