რუსული კანონი

ადვოკატი: ზურაბ ჯაფარიძე დაკავების დროს სცემეს, მას ხელკეტი თავის არეში ურტყეს

ზურაბ ჯაფარიძე
ფორმულა

პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრების, ზურაბ ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის ადვოკატი, ვახტანგ ბარამიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკოსები პოლიციელებმა 7 მარტს, პარლამენტთან გამართულ აქციაზე დაკავების დროს სცემეს. ადვოკატის თქმით, პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ხელკეტი თავის არეში ურტყეს. 

"ორივე მათგანი [ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი] დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 166-ე და 173-ე მუხლებით. ეს აქციის დასათრგუნად ყოველთვის ცნობილი მუხლებია. ასევე, ამ მუხლებს პოლიტიკოსების დასაჭერად იყენებენ ხოლმე - დაუმორჩილებლობა და პოლიციელისთვის შეურაცხყოფის მიყენება [...] რაც უფრო მნიშვნელოვანია, დაკავების მომენტში ორივე პიროვნება ძალიან მძიმედ არის ნაცემი. ზურაბ ჯაფარიძე ნაცემია სპეციალურად და მას ხელკეტი თავის არეში ურტყეს [...] პოლიციელებს ესაუბრებოდა, რომ თქვენ თუ გვერდზე არ დაგვიდექით, ისე არაფერი გამოვა და თქვენი დახმარებით უნდა მოხდეს, რომ რაღაც შევცვალოთო და უეცრად, რაღაც მომენტში, ჯერ მის გვერდით მდგომ ახალგაზრდებს დაუძაბეს და ხელკეტები ურტყეს. შემდეგ, მას ზურა გადაეფარა და ისიც მოიტაცეს". - ამბობს ადვოკატი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 7 მარტიდან 8 მარტის დილამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის იყვნენ პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი, ნიკა მოსიაშვილი.

7 მარტს ქართული ოცნების რუსული რეჟიმის მიერ რუსული კანონის ერთერთი ვერსიის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო.

უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი ხუთშაბათს, 9 მარტს უნდა განეხილათ, თუმცა, პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ, ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, კანონპროექტი იმავე დღეს განეხილათ.

აქციის მშვიდობიანი მონაწილეები პარლამენტის წინ იყვნენ შეკრებილები, როდესაც მათკენ საპოლიციო ძალები დაიძრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დაახლოებით 01:30 საათზე სპეცრაზმმა პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები წყლის ჭავლისა და გაზის გამოყენებით დაშალეს, შემდეგ კი ტერიტორია თავად დაიკავეს. შსს-მ აქციაზე 66 მოქალაქე დააკავა.

უცხოური აგენტების შესახებ კანონის მეორე ვერსია 7 მარტის პლენარულ სხდომაზე არ განუხილავთ. მას შემდეგ, რაც ორივე კანონპროექტს პირველი მოსმენით მიიღებენ, დოკუმენტებს ვენეციის კომისიას გაუგზავნიან. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "სამი თვე სჭირდება დასკვნას და არ არის ისტერია საჭირო".

კომენტარები