ჩრდილოეთ ირლანდია

დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი შეცვალეს

27 თებერვალს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, რიში სუნაკი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. შეხვედრაზე ჩრდილოეთ ირლანდიის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმებები განიხილეს.

სუნაკის თქმით, ბრიტანეთის პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი შეცვალეს და ახალ შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც "უინძორის ჩარჩოს" სახელით გახდა ცნობილი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ შეიძლება დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, მაგრამ ისინი მეგობრები არიან და ეს ამ ურთიერთობაში ახალი ფურცლის დასაწყისია.

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ გადამწყვეტ შეთანხმებას მივაღწიეთ. ერთად ჩვენ მოვახერხეთ პირველადი პროტოკოლი შეგვეცვალა და დღეს ახალ "უინძორის ჩარჩოს" გთავაზობთ. დღევანდელი შეთანხმება იძლევა ვაჭრობის უპრობლემოდ გაგრძელების შესაძლებლობას მთელ გაერთიანებულ სამეფოში, იცავს ჩრდილოეთ ირლანდიელი ხალხის სუვერენიტეტს და ამავდროულად ჩრდილოეთ ირლანდიის, როგორც დიდი ბრიტანეთის ნაწილის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს". - თქვა რიში სუნაკმა. 


რა არის ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი?

ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი არის სავაჭრო შეთანხმება, რომელიც ბრექსიტის მოლაპარაკებების დროს შედგა და ირლანდიის სახმელეთო საზღვარზე საქონლის ტრანსპორტირებას შემოწმების მექანიზმს არეგულირებს.

ბრქსიტამდე საქონლის გატანა საზღვრის გავლით ადვილი იყო, რადგან ქვეყნები ორივე მხარეს - ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდიის რესპუბლიკა - ევროკავშირში იყვნენ და ერთსა და იმავე წესებს იცავდნენ.

ბრექსიტის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა - ჩრდილოეთ ირლანდიის ჩათვლით - დატოვა ევროკავშირი, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკა ევროკავშირში დარჩა.

ირლანდიის საზღვარზე საქონლის შემოწმების ნაცვლად, პროტოკოლი შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ინსპექტირება და დოკუმენტის შემოწმება დიდ ბრიტანეთსა (ინგლისი, შოტლანდია და უელსი) და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის განხორციელდებოდა.

ამრიგად, შემოწმება მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიის პორტებში ხდება.

ვინ ეწინააღმდეგება ახლანდელ პროტოკოლს?

დემოკრატიული იუნიონისტური პარტია (DUP) აცხადებს, რომ არ დაუშვებს ჩრდილოეთ ირლანდიაში ძალის მოზიარე ახალი მთავრობის ფორმირებას, თუ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლში.

DUP ამბობს, რომ სავაჭრო საზღვარი აზიანებს ჩრდილოეთ ირლანდიის ეკონომიკას, მაგრამ პარტიის წინააღმდეგობა უფრო მნიშვნელოვანია მისი უნიონისტური იდეოლოგიიდან გამომდინარე. მათი აზრით, ახლანდელი პროტოკოლის წესები არის "ეგზისტენციალური საფრთხე" ქვეყნის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შესვლისთვის.

კომენტარები