ჩრდილოეთ ირლანდია

ბაიდენი ჩრდ. ირლანდიაში აღნიშნავს დიდი პარასკევის შეთანხმებას, რომელიც აღარ მუშაობს – POLITICO

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში

11 აპრილს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩრდილოეთ ირლანდიაში აშშ-ს შუამავლობით დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების, დიდი პარასკევის  შეთანხმების 25 წლისთავის  აღსანიშნად ჩავიდა, თუმცა, როგორც დასავლური მედია წერს, ეს ცრუ ზეიმია.

1998 წელს დადებული დიდი პარასკევის შეთანხმება წარუმატებელია. ჩრდილოეთ ირლანდიას თითქმის ერთი წელია არ ჰყავს არჩეული მთავრობა სტორმონტში, ჩრდილოეთ ირლანდიის პარლამენტში. მეტიც, Brexit-ის წყალობით, გაერთიანებული სამეფოს სოციალურად ყველაზე დაყოფილმა რეგიონმა მიმდინარე თვეში ათობით მილიონი ევროკავშირის წლიური დახმარება, რომელიც ღარიბ თემს ეხმარებოდა, დაკარგა.

ჩრდილოეთ ირლანდიის ფისკალური საბჭო, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა, რათა პარლამენტისთვის მთავრობის კრიზის შემდგომ საჭირო რჩევები გაეცა, თვლის, რომ წელს დამატებით მინიმუმ 808 მილიონი ფუნტია საჭირო მხოლოდ იმისთვის, რომ არსებული სერვისები შენარჩუნდეს და ენერგიის და სხვა გადასახადების ზრდის პარალელურად ფუნქცონირება გააგრძელოს.

"სანამ ძალაუფლების მოზიარე მთავრობა არ მუშაობს, ლონდონმა სერიოზულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. დროულად მოქმედებაზე უარი საქმეს ამძიმებს, ჩვენ ზიანს ვაყენებთ უამრავ სიცოცხლეს. ეს ნამდვილად სამარცხვინოა.” -ამბობს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე POLITICO-სთან საუბრისას.

დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიის ოფისის მინისტრი, სტივ ბეიკერი დემოკრატიულ იუნიონისტებს (DUP) დებს ბრალს. მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდი პარტია ასამბლეაში Sinn Féin გახდა, მისი მოადგილე, მიშელ ო'ნილი, პირველი მინისტრი უნდა გამხდარიყო, თუმცა, როგორც DUP-ის ლიდერმა, სერ ჯეფრი დონალდსონმა თქვა, პარტია პატივს სცემს არჩევნების შედეგს, მაგრამ ამავდროულად აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ წარადგენს, სანამ მისი შეშფოთება პროტოკოლთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ არ განიხილება. 

"ჩვენ მემკვიდრეობით მივიღეთ უზარმაზარი შავი ხვრელი, ეს არ გაჩენილა გუშინ ღამით. ეს არის მრავალი წლის არასწორი ფინანსური მენეჯმენტის და დახმარების მიღების მოლოდინის შედეგი." - ამბობს სტივ ბეიკერი.


2022 წლის მაისში ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, Sinn Féin ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში ყველაზე დიდი პარტია გახდა.

თუმცა, ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენელი მანამ ვერ გახდება პირველი მინისტრი, სანამ ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი პარტია - დემოკრატიული იუნიონისტური პარტია (DUP) არ დაასახელებს პირველი მინისტრის თავის კანდიდატს.

ამის მიზეზია ჩრდილოეთ ირლანდიის ძალაუფლების მოზიარე ხელისუფლების სისტემა, რომელიც 1990-იან წლებში დაინერგა, როგორც ძალადობის ათწლეულების დასრულების საშუალება ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რა არის ძალაუფლების გაზიარება?

ძალაუფლების გაზიარების პრინციპი არის ის, რაც განასხვავებს ჩრდილოეთ ირლანდიას დიდი ბრიტანეთის სხვა ერებისგან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მთავრობაში უნდა იყოს წარმომადგენლები როგორც ნაციონალისტური საზოგადოებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას და ასევე უნიონისტებიდან, რომლებსაც ჩრდილოეთ ირლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურთ.

მთავარი იდეა არის ის, რომ, როგორიც არ უნდა იყოს მათი ისტორიული განსხვავებები, ორივე საზოგადოებას სისტემის მიმართ საკუთარი ინტერესი აქვს.

კომენტარები