ჩრდილოეთ ირლანდია

როგორ მუშაობს ჩრდილოეთ ირლანდიის ძალაუფლების მოზიარე მთავრობა?

2022 წლის მაისში ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩატარებული არჩევნების შედეგად, Sinn Féin ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში ყველაზე დიდი პარტია გახდა.

თუმცა, ნაციონალისტური პარტიის წარმომადგენელი მანამ ვერ გახდება პირველი მინისტრი, სანამ ქვეყნის მეორე ყველაზე დიდი პარტია - დემოკრატიული იუნიონისტური პარტია (DUP) არ დაასახელებს პირველი მინისტრის თავის კანდიდატს.

ამის მიზეზია ჩრდილოეთ ირლანდიის ძალაუფლების მოზიარე ხელისუფლების სისტემა, რომელიც 1990-იან წლებში დაინერგა, როგორც ძალადობის ათწლეულების დასრულების საშუალება ჩრდილოეთ ირლანდიაში.

რა არის ძალაუფლების გაზიარება?

ძალაუფლების გაზიარების პრინციპი არის ის, რაც განასხვავებს ჩრდილოეთ ირლანდიას დიდი ბრიტანეთის სხვა ერებისგან. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ მთავრობაში უნდა იყოს წარმომადგენლები როგორც ნაციონალისტური საზოგადოებიდან, რომლებიც მხარს უჭერენ ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანებას და ასევე უნიონისტებიდან, რომლებსაც ჩრდილოეთ ირლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენა სურთ.

მთავარი იდეა არის ის, რომ, როგორიც არ უნდა იყოს მათი ისტორიული განსხვავებები, ორივე საზოგადოებას სისტემის მიმართ საკუთარი ინტერესი აქვს.

როგორ მუშაობს ძალაუფლების გაზიარება პრაქტიკაში?

90 წევრისგან შემდგარი პალატა ასამბლეაში მინიმუმ ხუთ წელიწადში ერთხელ ირჩევა.

18 ოლქში, თითოეულში საკანონმდებლო ორგანოს 5 წევრი ირჩევა სისტემის გამოყენებით, რომელსაც ერთადერთი გადაცემადი ხმა (STV) ეწოდება. ამ სისტემის მიხედვით, ამომრჩეველი კანდიდატებს პრეფერენციების მიხედვით ალაგებს - ამომრჩეველს აქვს კანდიდატების რანჟირების შესაძლებლობა. 

ჩრდილოეთ ირლანდიას ჰყავს პირველი მინისტრი და პირველი მინისტრის მოადგილე - თუ ერთი არის უნიონისტი, მეორე აუცილებლად უნდა იყოს ნაციონალისტი.

2006 წლიდან პირველ მინისტრს ასამბლეის ყველაზე დიდი პარტია ირჩევს. თუ ეს არის უნიონისტური პარტია, მაშინ მინისტრის მოადგილე არის უმსხვილესი ნაციონალისტური პარტიიდან და პირიქით.

ორივე მინისტრს თანაბარი უფლებამოსილება აქვს და ერთი მეორის გარეშე თანამდებობაზე  ვერ იქნება. თუ პირველი მინისტრი ან პირველი მინისტრის მოადგილე გადადგება, მეორეც იძულებულია გადადგეს, უნდა თუ არა ეს.

აღმასრულებელი ხელისუფლება, ანუ მინისტრთა კაბინეტი მრავალპარტიულია და მინისტრები შედგენილია როგორც უნიონისტური, ასევე ნაციონალისტური და სხვა პარტიებიდან, იმის მიხედვით, თუ რამდენი მანდატი მოიპოვეს არჩევნებში. ეს ნიშნავს იმას, რომ მინისტრად შესაძლოა მცირე პარტიის პოლიტკოსებიც დაინიშნოს.

ასამბლეა ახორციელებს უფლებამოსილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, ჯანდაცვა. გარკვეული სფეროები - მათ შორის საერთაშორისო ურთიერთობები და თავდაცვა - რჩება გაერთიანებული სამეფოს მთავრობის უფლებამოსილებაში.

როგორ ჩამოყალიბდა დღევანდელი სისტემა?

ჩრდილოეთ ირლანდია 1921 წელს შეიქმნა და დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩა მაშინ, როდესაც დანარჩენი ირლანდია დამოუკიდებელი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

ამან მოსახლეობაში განხეთქილება გამოიწვია უნიონისტებს - რომლებიც ძირითადად პროტესტანტები იყვნენ და ნაციონალისტებს შორის, რომლებიც ძირითადად კათოლიკეები იყვნენ.

1960-იანი წლების ბოლოდან, შეიარაღებული ჯგუფები ორივე მხრიდან, როგორიცაა ირლანდიის რესპუბლიკური არმია (IRA) და ულსტერის თავდაცვის ასოციაცია (UDA), ისროდნენ და ბომბავდნენ ტერიტორიებს. კონფლიქტი თითქმის 30 წლის განმავლობაში გაგრძელდა და 3 500 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და 1998 წელს დიდი პარასკევის შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.

რეფერენდუმზე მას მოსახლეობის 71%-მა დაუჭირა მხარი. შეთანხმების პირობების თანახმად, ჩრდილოეთ ირლანდიას ძალაუფლების მოზიარე ახალი ასამბლეა მართავდა.

რამდენად კარგად იმუშავა სისტემამ?

ასამბლეა ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ ასევე არაერთხელ შეჩერდა. ყველაზე გრძელი შეჩერება იყო 2002-დან 2007 წლამდე, რომლის დროსაც ჩრდილოეთ ირლანდიას ლონდონიდან მართავდნენ.

ორ მთავარ პარტიას შორის ურთიერთობა კვლავ გაფუჭდა 2017 წელს და ასამბლეა და მმართველი აღმასრულებელი ხელისუფლება 2020 წლის იანვრამდე არ აღდგა.

2022 წლის თებერვალში  დემოკრატიული იუნიონისტური პარტიის წევრი პოლ ჯივანი ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად პირველი მინისტრის პოსტიდან გადადგა და მას შემდეგ ეს თანამდებობა ვაკანტურია.

რა ხდება ახლა?

მას შემდეგ, რაც ყველაზე დიდი პარტია ასამბლეაში Sinn Féin გახდა, მისი მოადგილე, მიშელ ო'ნილი, პირველი მინისტრი უნდა გახდეს, თუმცა, როგორც DUP-ის ლიდერმა, სერ ჯეფრი დონალდსონმა თქვა, პარტია პატივს სცემს არჩევნების შედეგს, მაგრამ ამავდროულად აღმასრულებელ ხელისუფლებაში არცერთ მინისტრს არ წარადგენს, სანამ მისი შეშფოთება პროტოკოლთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ არ განიხილება.

 

კომენტარები