კანონი უცხოური აგენტების გამჭვირვალობის შესახებ

მდინარაძე ვენეციის კომისიაზე: თუ თეთრზე შავი დაიწერება, შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

ქართული ოცნება

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა უცხოური "აგენტების" შესახებ კანონზე არგუმენტირებული იქნება, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა დასკვნაში "შავზე თეთრი" ეწეროს და ამ შემთხვევაში, მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ვენეციის კომისია რაღაცას დაწერს, ეს რაღაცა იქნება ან არგუმენტირებული ან ჰაერიდან მოტანილი. მაგრამ, ყველა შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ, გავითვალისწინოთ. თუ თეთრზე შავი დაიწერა და ასეთი საოცრება მოხდა [...] ასეთი აბსურდული შემთხვევა თუ იქნა, მაშინ, კი ბატონო, ეს დათქმა ასე იქნება. ჩემთვის, პირადად, მთლად წარმოუგენელი შეიძლება არ იყოს, მაგრამ, არ მაქვს მოლოდინი, რომ თეთრი შავზე იურიდიული დასკვნის სახით დაიწეროს, ამას ხომ მთელი მსოფლიო ნახავს. ამიტომ, მაქვს მოლოდინი, რომ დაიწერება არგუმენტები, რომლებიც შესაძლებელია გასათვალისწინებელი იყოს, მაგრამ, თუ თეთრზე დაიწერება შავი, ამ შემთხვევაში ჩვენ ამასაც ვიტყვით და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ". – ამბობს მდინარაძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მმართველი პარტიის ლიდერი გამორიცხავს, რომ ვენეციის დასკვნა იქნება უარყოფითი, შესაბამისად, მისი თქმით,  პარლამენტი აუცილებლად მიიღებს განხილული ორი კანონმდებლობიდან რომელიმეს.

"დასკვნა ყველა შემთხვევაში იქნება წარმოგენილი კანონპროექტის დეტალებთან დაკავშირებით. ვერავინ იტყვის, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა. შესაძლოა იყოს ცალკეული კომენტარები ერთ ან მეორე, ან ორივე კანონთან დაკავშირებით. ამ კომენტარებზე, ბუნებრივია, გვექნება მსჯელობა. აპრიორი გამორიცხულია, რომ ან ერთზე, ან მეორეზე, ან ორივეზე იყოს წარმოდგენილი უარყოფითი დასკვნა, შეიძლება მხოლოდ დეტალებზე იყოს წარმოდგენილი გარკვეული შენიშვნები ან რეკომენდაციები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ან ერთ, ან მეორე კანონს ყველა შემთხვევაში მივიღებთ". – თქვა კობახიძემ.


ხალხის ძალად წოდებულმა ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ივანიშვილის დეპუტატებმა პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც, მათი მტკიცებით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და ამ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებისა თუ ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 

ქართული ოცნების დეპუტატები მათი "ყოფილი" თანაგუნდელების ინიციატივას არათუ არ შეწინააღმდეგებიან, არამედ ამბობენ, რომ "გამჭვირვალობის პრობლემა ნამდვილად არსებობს" და საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს.

საზოგადოების კრიტიკის შემდეგ ხალხის ძალამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანი იქნება.

კომენტარები