ალეკ ბოლდუინი

პროკურატურამ ალეკ ბოლდუინს ბრალდება შეუმსუბუქა

NY Times

ნიუ-მექსიკოს პროკურატურამ ალეკ ბოლდუინს ბრალდება შეუმსუბუქა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მსახიობს მაქსიმუმ 18-თვიანი პატიმრობა ემუქრება, აქამდე ბოლდუინისთვის შესაძლოა თავისუფლება 5 წლით აღეკვეთათ.

ბოლდუინის ადვოკატების განმარტებით კანონი, რომლითაც მსახიობის გასამართლებას აპირებდნენ 2022 წელს, სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვის შემდეგ იქნა შემოღებული. პროკურატურამ შეცდომა დაუშვა და საქმე ახალი კანონით აღძრა. განახლებული კანონი გაცილებით უფრო დიდხნიან პატიმრობას ითვალისწინებდა. 

"უბრალოდ სირცხვილია, ეს კონსტიტუციის დარღვევა და შეცდომაა, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტიც კი არ დაუშვებდა". – განაცხადა ბოლდუინის ადვოკატმა.

პროკურატურის გარდა ბოლდუინის წინააღმდეგ საჩივარი აქვთ შეტანილი დაღუპული ოპერატორის ოჯახის წევრებს.

2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

კომენტარები