რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის ადგილი თავისუფალ და ერთიან ევროპაშია. ამის შესახებ შოლცმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას ისაუბრა.

როგორც კანცლერმა აღნიშნა, ევროკავშირი მომავალში უკრაინის გაერთიანებაში მიღებას მხარს უჭერს. შოლცის თქმით, ათასობით ახალგაზრდა რუსმა პუტინის ომის ფასი სიცოცხლით გადაიხადა.

"პუტინის რევანშიზმი ვერ გაიმარჯვებს. ყველაფერი პირიქით მოხდება. უკრაინა იმაზე ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ევროკავშირი ერთიანია და მხარს უჭერს უკრაინის გაწევრიანებას ევროკავშირში. NATO ფართოვდება, ალიანსს ახალი წევრები ემატება. ამავე დროს, ათასობით ახალგაზრდა რუსმა პუტინის ომის საფასური სიცოცხლით გადაიხადა და უამრავმა ზურგი აქცია საკუთარ ქვეყანას. 

უკრაინელები საკუთარი თავისუფლების დასაცავად დიდ საფასურს იხდიან და აჩვენებენ სიმტკიცეს. ჩვენ კი მხარს ვუჭერთ, სანამ ეს საჭირო იქნება". - თქვა შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, მხოლოდ გერმანიამ უკრაინის მხარდასაჭერად გასულ წელს 12 მილიარდ ევროზე მეტი გამოყო და მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა.

"ჩვენ გავაგრძელებთ ბალანსის მიღწევას უკრაინისათვის შესაძლებლობის ფარგლებში საუკეთესო მხარდაჭერასა და წინასწარი განზრახვის გარეშე ესკალაციისთვის თავის არიდებას შორის". - თქვა შოლცმა.

კომენტარები