ე.წ ბოჩოლების საქმე

ე.წ. ბოჩოლების საქმეზე მთავრობამ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე, სადავო ნორმა გააუქმა

Atom Mother Heart 

ე.წ. ბოჩოლების საქმესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა, მთავრობამ სადავო ნორმა, რასაც თავისუფლების ინსტიტუტი ასაჩივრებდა, გააუქმა. საუბარია საქართველოს მთავრობის 147-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტზე.

აღნიშნული პუნქტის მიხედვით, აკრძალული იყო 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ტაბულა იურისტ გვანცა კვარაცხელიას ესაუბრა, რომელიც თავისუფალი ინსტიტუტის საჩივრის ერთ-ერთი ავტორია.

"ჩვენ გასაჩივრებული გვქონდა საქართველოს მთავრობის 147-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი. ეს სადავო ნორმა საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 18 ნოემბერს გააუქმა. მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესების განმავლობაში, თვითონვე ამტკიცებდნენ, რომ ეს ნორმა კონსტიტუციური და აუცილებლად საჭირო იყო იმისთვის, რომ საქართველოში მსხვილფეხა საქონლის ხორცისა და რძის დეფიციტი არ შექმნილიყო. ასევე, მათი თქმით, იცავდნენ მსხვილფეხა საქონლის უფლებებს. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდგომ სადავო ნორმა შეცვალეს. მაგალითად, იყო 140-კგ-მდე მხვილფეხა საქონლის გატანის აკრძალვა და შემდეგ გახდა 110 კგ.". - თქვა გვანცა კვარაცხელიამ ტაბულასთან საუბარში.

კვარაცხელიას თქმით, სადავო ნორმის მზღუდავი მოქმედების შედეგად, მოსარჩელეებისთვის უკვე მიყენებული ზარალის არსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ მასზე მსჯელობა უნდა გააგრძელოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. იურისტი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით, ისინი სასამართლოს 20 თებერვალს მიმართავენ.

"სამართალწარმოების პროცესშივე გამოჩნდა 2021 წლის 2 აპრილის N147 საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე არსებული პრაქტიკა, რომ იგი, შესაძლოა, რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალოს, რაზეც ასევე აღინიშნა არსებითი სხდომის მიმდინარეობის დროსაც. აღნიშნული პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობას კვლავ შეუძლია მიიღოს იგივე რეგულირება და ის ნებისმიერ დროს შეცვალოს. მოსარჩელე მხარეც სწორედ ამ არგუმენტზე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობა არ არის შებოჭილი საკანონმდებლო მოწესრიგებით. ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელის უფლებების დასაცავად აქვს მნიშვნელოვანი როლი, რომ პირველ რიგში, დადგინდეს სადავო რეგულირება კონსტიტუციურად ზღუდავდა თუ არა მოსარჩელეების უფლებას, ხოლო მეორე მხრივ, დადგენილმა სტანდარტებმა სამომავლოდ დაიცვას მოსარჩელეების საკუთრებისა და მეწარმეობის თავისუფლება მსგავსი შინაარსის შეზღუდვისგან. სადავო ნორმის მზღუდავი მოქმედების შედეგად, მოსარჩელეებისთვის უკვე მიყენებული ზარალის არსებობის პირობებში, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააგრძელოს მასზე მსჯელობა და მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ვინაიდან, მოსარჩელის საკუთრებას და მეწარმეობის თავისუფლებას უკვე მიადგა ზიანი, ეს არის საკმარისი კომპონენტი იმის დასადგენად, რომ მისი გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად". - ამბობს გვანცა კვარაცხელია.

თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად, მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა. 

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება. 

2022 წლის ივლისში  საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით, პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი". 

"საკუთრების უფლების არსი ილახება, მაშინ, როდესაც მთავრობა უხეშად ერევა კერძო საკუთრების განკარგვაში და მცირე ფერმერს განუსაზღვრავს, რა წონის საქონელი რომელ ბაზარზე გაყიდოს. ფერმერები ვალდებულები არიან, საქონლის შენახვის ხარჯი გასწიონ მანამ, სანამ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამის წონას საქონელი არ მიაღწევს – რაც მცირე ფერმერებს, შესაძლოა, თავიანთი საქმიანობის შეწყვეტად დაუჯდეს.

საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ ადამიანმა საკუთრება განკარგოს ისე, როგორც თავისთვის მომგებიანად ჩათვლის. საკუთრების გასხვისების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, თავისი საკუთრებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა. მთავრობის რეგულაცია მცირე ფერმერის მეწარმეობის თავისუფლებას ზღუდავს იმდენად, რომ მისი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება არა სარგებელთან, არამედ ზიანთან არის დაკავშირებული - კერძოდ, რეგულაცია მსხვილფეხა საქონლის გასაღების ბაზარს ავიწროებს, საქონელზე მოთხოვნას ამცირებს, ფერმერის ხარჯებს ზრდის და, რიგ შემთხვევებში, მათ საქმიანობას აჩერებს". – წერს ორგანიზაცია. 

კომენტარები