ე.წ ბოჩოლების საქმე

Liberty Institute-ის სარჩელით საკონსტიტუციომ სამართალწარმოების შეწყვეტის პრაქტიკა შეცვალა

გვანცა კვარაცხელია
ტაბულა

საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების ინსტიტუტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ე.წ. ბოჩოლების საქმით, პლენუმმა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა შეცვალა, რომლის მიხედვითაც, სადავო ნორმის გაუქმება ავტომატურად საქმის შეწყვეტას ნიშნავდა. შესაბამისად, ე.წ. ბოჩოლების საქმე არსებითად განსახილველად მიიღეს. ამის შესახებ ტაბულას თავისუფლების ინსტიტუტის იურისტი, გვანცა კვარაცხელია ესაუბრა.

"საკონსტიტუციო სასამართლოში აქამდე იყო პრაქტიკა, რომ ნებისმიერი გასაჩივრებული ნორმის ტექნიკური ცვლილებაც, ვგულისხმობ წერტილის ან მძიმის შეცვლას, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის შეწყვეტას იწვევდა. საქართველოს მთავრობა, საქართველოს პარლამენტი და სხვა სახელმწიფო უწყებები ამას სათავისოდ იყენებდნენ და თვალში საცემი საქმეები რაც იყო, ამ წერტილისა და მძიმის გადაადგილებით, სამართალწარმოებას მარტივად წყვეტდნენ. ასეთი საქმე კი არის ძალიან ბევრი, როდესაც მოსარჩელეებს იგივე პრობლემაზე სარჩელი რამდენჯერმე შეჰქონდათ და სახელმწიფო უწყებები ამ ტექნიკური ცვლილებებით ახერხებდნენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა სათავისოდ ბოროტად გამოეყენებინათ და არსებით განხილვამდე საქმე შეეწყვიტათ. ბოჩოლების საქმის ახალი პრაქტიკით, პლენუმმა შეცვალა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა და გადაწყვიტა, რომ თუკი მოსარჩელე არის დაინტერესებული და ის მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი მის მიერ გასაჩივრებული სადავო ნორმა შეიცვალა, მაგრამ ამის მიუხედავად დაასაბუთებს, რომ პრობლემა იგივე დარჩა და ამ საქმის განხილვის ინტერესი აქვს მსგავსი, ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეზე სამართალწარმოებას გააგრძელებს და არ შეწყვეტს". - ამბობს კვარაცხელია. 

გვანცა კვარაცხელია მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება სახელმწიფოს ქმედებებზე გავლენას მოახდენს და მათ საქმეებზე მანიპულაციის საშუალება აღარ ექნებათ. მან აგრეთვე თქვა, რომ ერთი და იგივე შუამდგომლობით სასამართლოს ორჯერ მიმართეს.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ასეთი ცვლილება თავისთავად მოახდენს ზეგავლენას სახელმწიფოს ქმედებებზე. თუ მათ აქამდე მანიპულაციის საშუალება ჰქონდათ და საქმეებს მარტივად წყვეტდნენ, უბრალოდ წერტილისა და მძიმის გადაადგილებით, ახლა უკვე ამას მნიშვნელობა აღარ ექნება და ისინი ნაკლებად შეწუხდებიან ტექნიკური ცვლილებით მოსარჩელეების საქმეების შეწყვეტაზე. ჩვენ ორჯერ მივმართეთ შუამდგომლობით, ერთხელ 2021 წლის 21 აპრილს და მეორედ 2022 წლის 4 ივლისს. ანუ ორჯერ მივმართეთ ერთი და იგივე შუამდგომლობით, რომ ეს პრაქტიკა შეეცვალათ. და თავის მხრივ, საქართველოს მთავრობამაც, რომლის დადგენილებასაც ჩვენ ვასაჩივრებთ, ეს ნორმა ორჯერ შეცვალა. ერთხელ რომ შეცვალა, დადგენილებას უბრალოდ ნომერი შეუცვალა, მეორეჯერ რომ შეცვალა, ნორმაში 140 კგ იყო მითითებული და უბრალოდ 110 კგ გახადა. ანუ ასეთი ტექნიკური ცვლილებით უბრალოდ შეეძლო, რომ ჩვენი საქმე შეეწყვიტა. ამ შუამდგომლობების საფუძველზე კი საკონსტიტუციო სასამართლომ შეცვალა აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკა". - განაცხადა გვანცა კვარაცხელიამ.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიჩნია, რომ მოსარჩლის მიერ 2022 წლის 4 ივლისს წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ გამომდინარეობს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობიდან, აფერხებს მოსარჩლის მიერ უფლების დაცვის ეფექტიანობას და ამავე დროს, სასამართლოს ხელოვნურ გადატვირთვას იწვევს. ამდენად, გონივრულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის მოსაზრების გაზიარება საკონსტიტუციო სასამართლოს აქამდე დამკვიდრებული პრაქტიკის შეცვლასთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიჩნევს, რომ, სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადაწყვეტამდე, სადავო ნორმის გაუქმება აპრიორი არ უნდა იწვევდეს სამართალწარმოების შეწყვეტას, თუ მოსარჩელე მხარე აფიქსირებს უწყვეტ ინტერესს საქმის წარმოების გაგრძელებასთან დაკავშირებით და ითხოვს ძალადაკარგული სადავო ნორმის არსებითად მსგავსი შინაარსის მქონე მოქმედი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას. - ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:

1. მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად No1547 კონსტიტუციური
სარჩელი (ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში,
რომელიც შეეხება „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების
ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის)
სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის
2021 წლის 2 აპრილის No147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის
მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის
პირველ და მე-2 პუნქტებთან და 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის პირველ
წინადადებასთან მიმართებით.

2. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად No1547 კონსტიტუციური
სარჩელი (ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია
საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში,
რომელიც შეეხება ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების
ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული (ჯანმრთელობის)
სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის
2021 წლის 2 აპრილის No147 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით.

3. საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიას.

4. საქმის არსებითი განხილვა დაიწყება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად.

5. საოქმო ჩანაწერი საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ
ექვემდებარება.

6. საოქმო ჩანაწერი გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს ვებგვერდზე 15 დღის ვადაში, გაეგზავნოს მხარეებს და
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს. 

თავისუფლების ინსტიტუტი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს მთავრობის რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, "აკრძალულია 140 კგ-მდე ცოცხალი მასის მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემულია ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი". 

თავისუფლების ინსტიტუტს მიაჩნია, რომ მთავრობის რეგულაციის შედეგად, მცირე ფერმერებს ეზღუდებათ მათი არსებობისათვის აუცილებელი საკუთრების განკარგვა და თავისუფალი მეწარმეობა. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ექსპორტზე საქონლის გატანის შეზღუდვით მცირე ფერმერებს სადავო რეგულაციამ გასაღების ბაზარი შეუმცირა, რის შედეგადაც, მათ საქონელზე მოთხოვნა და, შესაბამისად, ფასიც დავარდა. 

თავისუფლების ინსტიტუტის ცნობით, გარდა შინაარსობრივი საკითხებისა, სადავო ნორმა ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ მოთხოვნასაც – კერძოდ, პარლამენტს მთავრობისთვის არ გადაუცია სადავო ნორმაში მოცემული საკითხის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით მოწესრიგების უფლებამოსილება. 

"საკუთრების უფლების არსი ილახება, მაშინ, როდესაც მთავრობა უხეშად ერევა კერძო საკუთრების განკარგვაში და მცირე ფერმერს განუსაზღვრავს, რა წონის საქონელი რომელ ბაზარზე გაყიდოს. ფერმერები ვალდებულები არიან, საქონლის შენახვის ხარჯი გასწიონ მანამ, სანამ, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამის წონას საქონელი არ მიაღწევს – რაც მცირე ფერმერებს, შესაძლოა, თავიანთი საქმიანობის შეწყვეტად დაუჯდეს.

საკუთრების უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ ადამიანმა საკუთრება განკარგოს ისე, როგორც თავისთვის მომგებიანად ჩათვლის. საკუთრების გასხვისების კონსტიტუციური უფლება ადგენს სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას, ხელი არ შეუშალოს მესაკუთრეს თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვის პირობებში, თავისი საკუთრებისგან მიიღოს ღირსეული კეთილდღეობა. მთავრობის რეგულაცია მცირე ფერმერის მეწარმეობის თავისუფლებას ზღუდავს იმდენად, რომ მისი საკუთრების სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება არა სარგებელთან, არამედ ზიანთან არის დაკავშირებული - კერძოდ, რეგულაცია მსხვილფეხა საქონლის გასაღების ბაზარს ავიწროებს, საქონელზე მოთხოვნას ამცირებს, ფერმერის ხარჯებს ზრდის და, რიგ შემთხვევებში, მათ საქმიანობას აჩერებს". – წერს ორგანიზაცია. 

კომენტარები