მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ბაიდენი ჩამოგდებულ 3 ობიექტზე: სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს ეკუთვნოდათ

ჯო ბაიდენი მადრიდის სამიტზე, 2022 წლის 29 ივნისი.
Susan Walsh/AP

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში ჩამოგდებულ ბოლო სამ ობიექტთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს დანადგარები, სავარაუდოდ, კერძო კომპანიებს ეკუთვნოდა და ჩინეთის სამხედრო დაზვერვის პროგრამასთან კავშირში არაა.

"ჯერჯერობით, ზუსტად არ ვიცით, ეს სამი ობიექტი რა იყო, მაგრამ არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ჩინეთის სადაზვერვო ბუშტების პროგრამასთან კავშირში იყვნენ, ან რომ რომელიმე სხვა ქვეყნის სადაზვერვო აპარატები იყო. დაზვერვის შეფასებით, დიდი ალბათობით, ბუშტები დაკავშირებული იყო კერძო კომპანიებთან, რეკრეაციულ ან კვლევით დაწესებულებებთან, რომლებიც ამინდს ან სხვა სამეცნიერო თემებს იკვლევენ". – თქვა ბაიდენმა ობიექტებთან დაკავშირებულ პირველ საჯარო გამოსვლაში.

ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ობიექტი, რომელიც ამერიკელ ხალხს საფრთხეს შეუქმნის, ჩამოგდებული იქნება.

"ნებისმიერ ობიექტს, თუ ამერიკელი ხალხის სიმშვიდესა და უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, ჩამოვაგდებ". – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენმა საკუთარ გუნდს მსგავსი ობიექტების კონტროლის წესების შემუშავების ბრძანება მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტების საკითხს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ჩაიბარებს.

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ბუშტების საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგთან საუბარი შეეძლება. 

"იმედი მაქვს, სრულად განვიხილავთ ამ საკითხს, მაგრამ იმ ბუშტის ჩამოგდებისთვის ბოდიშს არ მოვიხდი". – თქვა ბაიდენმა პირველ ჩამოგდებულ ბუშტთან დაკავშირებით, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 

ჩამოგდებული პირველი ბუშტის ნარჩენების შესწავლით, დადგინდა, რომ დანადგარს სადაზვერვო სიგნალების შეგროვების შესაძლებლობა ჰქონდა. დანარჩენი სამი ჩამოგდებული ობიექტი მასთან შედარებით ნაკლებად მძიმეც იყო.

4 თებერვლის შემდეგ აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში ამერიკის საჰაერო ძალებმა ოთხი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. 

თავდაპირველად აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები