მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ჩინეთი: გასულ წელს აშშ-ს ბუშტებმა ჩვენი საჰაერო სივრცე, მინიმუმ, 10-ჯერ დაარღვიეს

ვანგ ვენბინი

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ვანგ ვენბინის მტკიცებით, გასულ წელს აშშ-ს მაღალ სიმაღლეზე მფრენმა ბუშტებმა ჩინეთის საჰაერო სივრცე, სულ მცირე, ათჯერ დაარღვიეს. აშშ უარყოფს ბრალდებას, რომ ჩინეთის თავზე სადაზვერვო ბუშტებს მართავენ.

პეკინის ეს ბრალდება გავრცელდა აშშ-ს საჰაერო სივრცეში, სავარაუდოდ, ჩინური სადაზვერვო ბუშტების გამოჩენის შემდეგ. 4 თებერვლის შემდეგ, აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში მეოთხე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.

"აშშ-ს ბუშტებისთვის ჩვეული რამაა სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში შესვლა. გასულ წელს აშშ-ს მაღალი სიმაღლის ბუშტები ჩინეთის საჰაერო სივრცეში 10-ზე მეტჯერ შემოვიდნენ, ჩინეთის მთავრობის თანხმობის გარეშე". – თქვა ჩინეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

ვანგ ვენბინს არ დაუდასტურებია, თუ რა ბედი ეწია ამ მფრინავ ობიექტებს. მისი თქმით, აშშ-მ "კონფლიქტის წახალისების" ნაცვლად, "საკუთარი კურსი" უნდა შეცვალოს. 

ვაშინგტონში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ადრიან უოტსონმა ჩინეთის ბრალდებას სიცრუე უწოდა.

"სწორედ ჩინეთია, რომელიც განმანთავისუფლებელ სახალხო არმიასთან დაკავშირებულ მაღალი სიმაღლის სათვალთვალო ბუშტების პროგრამას სადაზვერვო ინფორმაციისთვის იყენებს და რომლითაც აშშ-სა და 5 კონტინენტზე 40 ქვეყნის სუვერენიტეტი დაარღვიეს". – თქვა უოტსონმა.

თავდაპირველად აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

 

კომენტარები