მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

აშშ-ს საჰაერო ძალებმა კანადის საზღვართან კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს

ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი, რომელიც აშშ-ს საჰაერო ძალებმა 4 თებერვალს ჩამოაგდეს.
AP

ჰურონის ტბის თავზე, აშშ-კანადის საზღვართან ამერიკელმა სამხედროებმა მორიგი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს. ამის შესახებ Reuters-თან აშშ-ს მაღალჩინოსნებმა ანონიმურობის პირობით ისაუბრეს

რამდენიმე საათით ადრე, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა თქვა, 10 და 11 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის თავზე ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტები ბუშტები იყო.

შუმერს არ დაუდასტურებია, რომ ბოლო ობიექტები ჩინური იყო, თუმცა მან ABC-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პეკინი სავარაუდოდ "ბურთების ეკიპაჟს" იყენებდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფრინავდა.

მანამდე, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ კანადის თავზე მოძრავი უცნობი ობიექტი ჩამოაგდეს.

აშშ-სა და კანადის გაერთიანებულმა ორგანიზაცია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ 10 თებერვალს შენიშნა ობიექტი, რომელიც ალასკას თავზე დაფრინავდა და მეორე დღისთვის უკვე კანადის საზღვარი გადაკვეთა.

ტრუდო ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, ობიექტი დაახლოებით შუადღის 4 საათვის ჩამოაგდეს.

F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ბოლო 7 დღეში აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები