CNN-თან აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ ამერიკის ტერიტორიაზე ჩამოგდებულ ჩინეთის სათვალთვალო ბუშტზე ისაუბრეს. მათი თქმით, დაზვერვაში მიაჩნიათ, რომ ეს დანადგარი ჩინეთის არმიის ფართო სადაზვერვო პროგრამის ნაწილია.
CNN-თან მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ სადაზვერვო პროგრამა, რომელიც მსგავს სათვალთვალო ბუშტებსაც მოიცავს, ხორციელდება ჩინეთის ერთ-ერთ პატარა პროვინციაში, ჰაინანში. აშშ-მ არ იცის სადაზვერვო ბუშტების ზუსტი რაოდენობა, მაგრამ, როგორც წყაროები CNN-თან ამბობენ, ბოლო წლებში პროგრამის ფარგლებში, მინიმუმ, ორი ათეული მისია შესრულდა, სულ მცირე, ხუთ ქვეყანაში.
ამ ფრენების თითქმის ნახევარი აშშ-ს საჰაერო სივრცეში შესრულდა, თუმცა, არა აუცილებლად აშშ-ს ტერიტორიის მაღლა, როგორც ამას ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ამბობს.
კიდევ ერთმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ყველა ბუშტი არ იყო აშშ-ში ბოლოს ჩამოგდებული დანადგარის მსგავსი. დაზვერვის ინფორმაციის მქონე პირები ამბობენ, რომ მათი რამდენიმე ვერსია არსებობს.
პარალელურად, ვირჯინიაში, ქალაქ კუანტიკოში მდებარე ლაბორატორიაში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ელიტური ჯგუფი სათვალთვალო ბუშტის ნარჩენებს იკვლევს. მათი მიზანია დაადგინონ, რა ინფორმაციის მიღება შეძლო დანადგარმა და როგორ გაუმკლავდნენ მათ მომავალში.
ერთ-ერთმა წყარომ CNN-თან თქვა, რომ FBI-ის თანამშრომლები ცდილობენ დაადგინონ შეეძლო თუ არა ბუშტს ფრენის პარალელურ რეჟიმში ინფორმაციის ჩინეთის არმიისთვის გადაცემა, თუ მონაცემებს აგროვებდა და ინფორმაციის ამოსაღებად მისი უკან დაბრუნება იყო საჭირო.
თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.
ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.
საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.