მფრინავი ობიექტები აშშ-ს საჰაერო სივრცეში

ჩაკ შუმერი: ბოლო ჩამოგდებული მფრინავი ობიექტები სავარაუდოდ ბუშტები იყო

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, 10 და 11 თებერვალს ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო სივრცის თავზე ჩამოგდებული ამოუცნობი ობიექტები ბუშტები იყო.

შუმერს არ უთქვამს, რომ ბოლო ობიექტები ჩინური იყო, თუმცა მან ABC-ს უთხრა, რომ პეკინი სავარაუდოდ "ბურთების ეკიპაჟს" იყენებდა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაფრინავდა.

ვაშინგტონი მზადყოფნაშია მას შემდეგ, რაც გასულ კვირას აშშ-ს სამხედროებმა საეჭვო ჩინური ბუშტი გაანადგურეს.


მანამდე, კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ თქვა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ კანადის თავზე მოძრავი უცნობი ობიექტი ჩამოაგდეს.

აშშ-სა და კანადის გაერთიანებულმა ორგანიზაცია ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობამ 10 თებერვალს შენიშნა ობიექტი, რომელიც ალასკას თავზე დაფრინავდა და მეორე დღისთვის უკვე კანადის საზღვარი გადაკვეთა.

ტრუდო ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და ლიდერებმა გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის თქმით, ობიექტი დაახლოებით შუადღის 4 საათვის ჩამოაგდეს.

F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა ბოლო 7 დღეში აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი ობიექტი ჩამოაგდეს.

მანამდე კი თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. თავდაპირველად, აშშ-ს სამხედრო ლიდერები დანადგარის ნამსხვრევების ჩამოვარდნის საფრთხის გამო ბუშტის ჩამოგდებაზე უარს ამბობდნენ.

ჩინეთმა აღიარა, რომ ბუშტი მათ ეკუთვნოდათ, თუმცა, მათი მტკიცებით, დანადგარი მეტეოროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა და მიმართულებას უამინდობის გამო გადაუხვია.

საბოლოოდ, 4 თებერვალს აშშ-მ ბუშტი ჩამოაგდო. მისი ნამსხვრევები ჩამოვარდნის შემდეგ მოიპოვეს და საკვლევად წაიღეს. ჩინეთი ნარჩენების უკან დაბრუნებას ითხოვს.

კომენტარები