რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი საფრანგეთს და გერმანიას ავიაგამანადგურებლებს სთხოვს

8 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენს, ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა და ავიაგამანადგურებლების უკრაინისთვის გადაცემისკენ მოუწოდა

ზელენსკის თქმით, Leopard-2-ის ტიპის ტანკების გარდა, უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლებისა და შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მაკრონთან და შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას ზელენსკიმ თქვა, რომ საფრანგეთსა და გერმანიას აქვთ პოტენციალი, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში "სიტუაციის შემომტრიალებელი" როლი ითამაშონ საბრძოლო ტანკების, თანამედროვე ავიაგამანადგურებლებისა და შორი მანძილის რაკეტების მიწოდებით.

"ჩვენი ქვეყანა მიზნად ისახავს, გამარჯვებასა და უფლებების აღდგენაში დაეხმაროს უკრაინას." - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

შოლცის თქმით, გერმანიის პოზიცია უცვლელია და რუსეთმა უკრაინასთან ომი ვერ უნდა მოიგოს, თუმცა ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გერმანია უკრაინას საბროლო თვითმფრინავებს მიაწოდებს, ჯერჯერობით უცნობია.

აქამდე, საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ უკრაინის დახმარებაში პასიურები იყვნენ.

ზელენსკიმ უკმაყოფილებაც გამოხატა ემანუელ მაკრონის მიმართ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინის შეჭრის შემდეგ პუტინთან სატელეფონო საუბრებს აგრძელებდა.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან საუბარში თქვა, რომ მას სჯერა მაკრონის დამოკიდებულების ცვლილების. მისი თქმით, საფრანგეთის მხარდაჭერაზე ისიც მეტყველებს, რომ მაკრონმა გასულ თვეში უკრაინისთვის ტანკების მიწოდებით თავიდან "გააღო კარი".

9 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი ბრუსელს ეწვევა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.

მანამდე, 8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში ის ბრიტანეთის პრემიერმინისტრს და მონარქს შეხვდა. ამასთან, ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარები