მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

ერდოღანი: ჩვენი მიზანია, ერთ წელში ავაშენოთ სახლები 10 პროვინციაში

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ქაჰრამანმარასში ჩავიდა. გამართულ ბრიფინგზე, ერდოღანმა თურქეთის მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს არსებულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.

"ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეეშინდეთ, ჩვენ მათ ქუჩაში არასდროს დავტოვებთ. [...] ჩვენი მიზანია ერთ წელში ავაშენოთ სახლები 10 პროვინციაში, ისე, როგორც ეს სხვა პროვინციებში გავაკეთეთ სტიიქიების დროს". – თქვა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ მიწისძვრით დაზარალებულებს შეეძლებათ ანტალიის, ალანიისა და მერსინის სასტუმროებში დარჩენა. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 11 200-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში პირველი მიწისძვრის შემდეგ მინიმუმ 8574 ადამიანი დაიღუპა და 31 700-ზე მეტი დაშავდა. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 662-ს აჭარბებს. 

ორივე ქვეყანაში მიწისძვრის შედეგად 35 600-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები