რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის რადამ უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი დანიშნა

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინელ ხალხს ამცნო, რომ უკრაინის რადამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე ახალი კადრები დანიშნა. პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ვასილ მალიუკი დაიკავებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო გახდა. 

ზელენსკის თქმით, ორივე არჩეულ კანდიდატს ომში მოქმედების დიდი გამოცდილება აქვს და უკრაინას სწორედ ასეთი ხელმძღვანელობა სჭირდება. 

იგორ კლიმენკო, რომელსაც ამ დრომდე ეროვნული პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის პოზიციას დაიკავებს. დენის მონასტირსკი ერთ-ერთია კიევის ოლქში საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა შორის. 

"მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის მთავარ ერთეულს წარმოადგენს, ხელმძღვანელი სწრაფად გამოუჩნდა. ის [იგორ კლიმენკო] ჩვენს ქვეყანას თავდასხმის პირველი წუთებიდან იცავს. დღეს ჩვენ გვყავს ხალხი, რომლებმაც ომში დიდი გამოცდილება მიიღეს და იმ ქვეყნისთვის, რომელიც თავისი ხალხისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის შედეგი დადეს. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში მეტი ასეთი ადამიანი გვესაჭიროება". - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში. 

გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელებიც დანიშნა. აღნიშნულ თანამდებობებს იური მალაშკო, ალექსანდრე პროკუდინი და სერგეი ლისაკა დაიკავებენ. 

კომენტარები