საქართველო-უკრაინა

ზარქუა ზელენსკიზე: ადამიანები ეღუპება და ამ დროს იცლის, რომ სააკაშვილის სურათებით იაროს

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და საზოგადოებას სააკაშვილის ფოტოები აჩვენა, როდესაც ის 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. 

"უკრაინის პრეზიდენტს იმისთვის სცალია, რომ ბრიფინგებზე ფოტოებით იაროს და პრესკონფერენცია გამართოს. ძალიან უცნაურია. ტერიტორიას კარგავს, უამრავი ადამიანი ეღუპება, რუსეთი, რომელიც ოკუპანტია, მათ შორის, ჩვენთვის, საერთო მტერია და უკრაინას უტევს და ამ დროს, ის იცლის, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სურათებით იაროს, რომელსაც, სხვათა შორის, ის, სადაც ახლა ზის, ევროპულმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს ჩემთვის გაუგებარია. მე უკრაინელ ხალხს გამარჯვებასა და ღირსეულ ხელისუფლებას ვუსურვებ" - თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 1 თებერვალს ავსტრიის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვან დერ ბელენთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენეს და მისივე განცხადებით, ის თვლის, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ექსპრეზიდენტს ნელ-ნელა კლავს. ზელენსკი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად, საჯაროდ აწამებენ. 

1 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მან საზოგადოებას ქართულ და უკრაინულ ენებზე მიმართა. საუბრის დასრულების შემდეგ, სააკაშვილმა მაისური აიწია და ხალხს აჩვენა, როგორ გამოიყურება ის ფიზიკურად. ამის შემდეგ, ჩართვა შეწყდა. 
 

კომენტარები