რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრიგოჟინი გირკინს: თუ უაზროდ ჩაისვარეთ და უკან იხევთ, ნუღარ შეგვაწუხებთ

რუსი ოლიგარქი და კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი რუსი სამხედრო კომენტატორისა და ომის დამნაშავე იგორ გირკინის (სტრელკოვი) პრეტენზიებს პასუხობს

აქამდე პრიგოჟინმა გირკინს ვაგნერში გაწევრიანება შესთავაზა და ფრონტის ხაზზე მიიწვია, რაზეც ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ მსგავსი შეთავაზებები მედიის საშუალებით არ უნდა კეთდებოდეს და პროცესში ჩართული უნდა იყვნენ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები. მისივე თქმით, ოკუპირებულ ლუგანსკში წასვლა ისეთი შეთავაზებისთვის, რომელზეც შეიძლება უარი უთხრან, მიუღებელია.

პრიგოჟინის თქმით, ისინი კერძო სამხედრო კომპანიაში სამსახურს პირადად არავის სთავაზობენ და გაწევრიანების მსურველები ინფორმაციას ან რეკლამიდან, ან სხვა პირისგან იგებენ. პრიგოჟინი თანახმაა, რომ გირკინისთვის გამოყოს შუამავალი, რომელიც მას შეხვდება.

"კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერში პირადად არავის ვეპატიჟებით. გამონაკლისი დავუშვი და იგორ ივანოვიჩ სტრელკოვს ლუგანსკში გამოცხადება შევთავაზე. ახლა ის კაპრიზობს და ჩემთან პირადი შეხვედრა სურს. იგორ ივანოვიჩ, კარგით, მობრძანდით, დღეიდან თქვენზე პასუხისმგებლობა ანდრეი ნიკოლაევიჩ ტროშევს ექნება დაკისრებული. მას მე სრულად ვენდობი. ის მზადაა თქვენთან შესახვედრად დრო გამონახოს... თუ რაიმე საბუთი გჭირდებათ, გამოგიგზავნით. მაგრამ თუ უაზროდ ჩაისვარეთ და უკან იხევთ, მაშინ გთხოვთ, მომავალში ნუღარ შეგვაწუხებთ და მშვიდად მუშაობის საშუალება მოგვეცით". – წერს პრიგოჟინი.

პრიგოჟინმა ხაზი გაუსვა, რომ ის გირკინს ვაგნერში გაწევრიანებას მართლა სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეფექტიანობის არ სჯერა.

რა თქმა უნდა, ნაკლებად მჯერა, რომ გირკინი შესაძლოა ეფექტიანი გამოდგეს და ვთვლი, რომ მისი მთელი დემაგოგია წმინდა პიარი და ცოტა ფულის მარტივად შოვნის მცდელობაა. მაგრამ იმისთვის, რომ ან დაშოშმინდეს, ან დარწმუნდეს, რომ უაზრობას ლაპარაკობს, ჩემი აზრით, აზრი აქვს, დაე მოვიდეს. შეძლებს ბრძოლას – მშვენიერი. გაიქცევა – დეზერტირად ჩავთვლით. მოკვდება – დავკრძალავთ შესაფერისად". – წერს პრიგოჟინი.

ოლიგარქის ამ სიტყვების შემდეგ, გირკინმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პრიგოჟინმა მის მიმართ დამამცირებელი ეპითეტები გამოიყენა. მისი თქმით, შუამავლის დაკავშირებას დაელოდება და აქამდე კომენტარს არ გააკეთებს. ამ ქმედებისკენ მოუწოდა პრიგოჟინსაც.

"ვთხოვ ევგენი ვიქტოროვიჩს, თუ ნამდვილად სურს მომავალში შესაძლო თანამშრომლობა, სამომავლოდ ჩემს მიმართ საკუთარი ეპითეტებისგან თავი შეიკავოს. ორმხრივი შეურაცხყოფები უკვე საკმარისად გაჟღერდა". – წერს გირკინი.

ვინაა გირკინი, ვისაც ჰააგამ MH17-ის რეისის ჩამოგდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 15 დეკემბერს იგორ გირკინის ცოლმა გამოაქვეყნა ქმართან გადაღებული ფოტო, რომელშიც რუსი ულტრანაციონალისტი სამხედრო ფორმაში გამოწყობილი იყო, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გირკინი უკრაინის წინააღმდეგ საომრად მიდიოდა. რამდენიმე ხნის შემდეგ, გირკინმა თქვა, რომ მოსკოვში იმყოფება, რადგან ომში ჩართვა მესამე მცდელობის შემდეგაც ვერ შეძლო, თუმცა საკმაოდ ახლოს იყო. 

გასულ წელს გირკინის ტყვედ აყვანის სანაცვლოდ უკრაინელი აქტივისტების ჯგუფებმა $50 000-იანი ჯილდო დააწესეს. შემდეგში უკრაინის სამხედრო დაზვერვამაც გამოაცხადა, რომ დატყვევებული გირკინის სანაცვლოდ $100 000-ს გადაიხდიდნენ.

კომენტარები