რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

UEFA-ს 2023 წლის სუპერთასის მატჩი რუსეთში აღარ გაიმართება

UEFA-ს 2023 წლის სუპერთასის მატჩი რუსეთში აღარ გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს (UEFA) აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა და ომის დაწყებაა.

სუპერთასის მატჩი რუსეთის ქალაქ ყაზანში უნდა გამართულიყო. უეფას ახალი გადაწყვეტილებით კი შეხვედრას 16 აგვისტოს საბერძნეთის დედაქალაქი ათენი უმასპინძლებს. მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები ერთმანეთს გეორგიოს კარაისკაკისის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან, რომელიც საფეხბურთო კლუბ ოლიმპიაკოსის საშინაო არენაა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან მცირე დროში FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს საკუთარ ტურნირებზე მონაწილეობა აუკრძალა.

2022 წლის 1 მარტს კი UEFA-მ რუსულ კომპანია გაზპრომთან კონტრაქტი გაწყვიტა.

აგრეთვე, ომის დაწყების შემდეგ, UEFA-მ 2021-2022 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგიდან საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გადაიტანა. 

კომენტარები