საქართველო-უკრაინა

კობახიძე: კასიანოვს უკრაინელების ევაკუაცია მაშინ დასჭირდებოდა, თუ ბუკებს გავაგზავნიდით

ირაკლი კობახიძე

"კასიანოვის განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება".- ასე ეხმიანება ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოში უკრაინის დროებითი რწუნებულს, ანდრეი კასიანოვს, რომელმაც არ გამორიცხა ქვეყნიდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენისა და რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ. 

კობახიძის თქმით, კასიანოვს ქვეყნიდან უკრაინელების ევაკუაცია იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, თუ საქართველო უკრაინაში "ბუკებს" გაგზავნიდა.

"კასიანოვისგან ასეთ არარელევანტურ განცხადებებს ჩვენ მიჩვეული ვართ. ეს არის სამწუხარო მოვლენა. მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. სწორედ, კასიანოვი მოგვიწოდებდა ჩვენ ომში ჩართვისკენ და ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვჭირდებოდა არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ქართველების ევაკუაციაც საქართველოდან. ჩვენ მოვისმინეთ კასიანოვის განცხადებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით, რაც ძალიან მძიმე იყო და ეს ამ რიტორიკის გაგრძელებაა.

ყველამ იცის, რომ ფრენების აღდგენას არავითარი კავშირი არ აქვს რუსების მოზღვავებასთან საქართველოში. ამასთან დაკავშირებით უკვე სამი სპეკულაციური კამპანია გამოვიარეთ - ერთი იყო მარტში, მეორე იყო ზაფხულის სეზონზე და მესამე იყო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ და ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სამივე იყო ცარიელი სპეკულაცია. არავითარი რისკები არ შექმნილა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, არც საქართველოში მცხოვრები უკრაინელების უსაფრთხოებისთვის. ეს ყველაფერი იყო ცარიელი სპეკულაცია, სამარცხვინო სპეკულაცია. კასიანოვის დღევანდელი განცხადება არის სამარცხვინო სპეკულაციური განცხადება".- ამბობს ირაკლი კობახიძე IPN-ის ცნობით. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსული დიპლომატიის 2022 წლის შეჯამებისადმი განკუთვნილ პრესკონფერენციაზე გამოთქვა იმედი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. კომუნისტმა რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა კი ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ "საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან ერთად დიპლომატიური ურთიერთობაც უნდა აღდგეს".

კომენტარები