ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: კანდიდატებში შეინიშნება ტენდენცია, რომ უკვე ცდილობენ არჩევნების შედეგის უარყოფას

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, პარტიის თავმჯდომარეობის ზოგიერთ კანდიდატში შეინიშნება ტენდენცია, რომ ისინი შიდაპარტიული არჩევნების შედეგების უარყოფას და არალეგიტიმურად გამოცხადებას ცდილობენ.

"დამარცხების შემთხვევაში მე გამარჯვებულს მივულოცავ და რა თქმა უნდა, ცენტრალური მმართველობიდან განზე გავალ. პარტიაში დავრჩები. მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაშია, ვის აქვს იმის უფლება, თავში აზრად გაივლოს, რომ ამ ბრძოლას განერიდოს. არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ეს სხვა კანდიდატებმაც უნდა თქვან. მე შემთხვევით არ ვახსენებ და არ ვსაუბრობ ამაზე, იმიტომ, რომ შეინიშნება ტენდენცია რიგი კანდიდატების მხრიდან, რომ ისინი უკვე ცდილობენ არჩევნების შედეგების უარყოფას". – თქვა მელიამ მთავარ არხთან ინტერვიუში.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად ვის გულისხმობს ასეთ კანდიდატებში, მელიამ გიორგი მუმლაძეზე მიუთითა, რომელიც, მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან მჭიდრო კავშირშია.

"მაგალითად, გამოდის ერთ-ერთი კანდიდატი, რომელიც ჩემი დაკვირვებით ასევე ძალიან მჭიდრო კავშირშია ბატონ მერაბიშვილთან, ბატონი მუმლაძე. 24 საათი საუბრობს, რომ ეს პროცესი არის ყალბი, არ არის ლეგიტიმური და ასე შემდეგ". – უპასუხა მელიამ.

ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ ამგვარი დაპირისპირებები პარტიის ნგრევას გამოიწვევს და "წყალს ქართული ოცნების წისქვილზე ასხამს".

ენმ-ში თავმჯდომარის პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად, კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი მუმლაძის თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიზანი "უუნარო მელიას ჩამოცილებაა". მუმლაძე ამბობს, რომ მისი თავმჯდომარეობის შემთხვევაში მთელი ქვეყნის მასშტაბით "მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბები გაიხსნება".

ლევან ხაბეიშვილი აზრით, ენმ-ს "გადახალისება" სჭირდება, მის თავმჯდომარეს კი ლეგიტიმაცია. თავდაპირველი უარყოფის მიუხედავად, 16 ნოემბერს ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას ისიც აყენებს. 

ნიკა მელიას თქმით, არჩევნებში მისი კონკურენტი ლევან ხაბეიშვილი არ არის და ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია. 

კომენტარები