რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკელი სენატორები გერმანიას: პუტინის დამარცხება თქვენს ეროვნულ ინტერესებშია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებთან - ლინდსი გრეჰემთან, რიჩარდ ბლუმენტალთან და შელდონ უაითჰაუსთან ერთად 20 იანვარს კიევში გამართულ შეხვედრაზე 
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური

ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის ოფისის ცნობით, პარასკევს, 20 იანვარს სენატორები – ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაიტჰაუსი – უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს უკრაინაში შეხვდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სენატორები გერმანიას ტანკების უკრაინაში გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

"ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს, ერთი და იმავე მიზანი გვაქვს – უკრაინამ რუსები უკრაინიდან განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალე სპექტაკლებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას". – ნათქვამია სენატორი გრეჰემის განცხადებაში.

შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც გერმანიამ დასავლელ მოკავშირეებთან უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწია.   

"გერმანელებს: გაგზავნეთ ტანკები უკრაინაში, რადგან მათ ეს სჭირდებათ. უკრაინაში პუტინის დამარცხება თქვენს ეროვნულ ინტერესებშია. ბაიდენის ადმინისტრაციას: გაგზავნეთ ამერიკული ტანკები, რათა ჩვენგან აიღონ მაგალითი". – აღნიშნა გრეჰემმა განცხადებაში.

გერმანიის Leopard-ის ტანკებზე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს სამხედრო ტექნიკა ფართოდ გამოიყენება ევროპაში, შესაბამისად, ნებართვის არსებობის შემთხვევაში, რამდენიმე ქვეყანა შეძლებს უკრაინისთვის ტანკის მიწოდებას.

კომენტარები