მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილს აქვს ეჭვი, ვის შეიძლებოდა მოეწამლა ის – ადვოკატი

შალვა ხაჭაპურიძე და მიხიელ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ სააკაშვილს აქვს ეჭვი, ვის შეიძლებოდა მოეწამლა ის. 

“სადღაც, ეს [მოწამვლა] იწყება, ალბათ, 2-3 მაისიდან. მას [მიხეილ სააკაშვილს] აქვს გარკვეულ პიროვნებაზეც ეჭვი, ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა [მოეწამლა]. ეს მალე გამოჩნდება. 

იყო იქ რაღაც დეტალები, ჩვენ ახლა კადრები გვაქვს გამოთხოვილი და სასამართლომ დაგვიკმაყოფილა. ანუ, ჩვენ მოვითხოვეთ სააკაშვილის დაკავებიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით ყველა კადრი - დერეფანში ბადრაგების გადაადგილებისა და სააკაშვილის საკანში ყოფნის კადრები და ა.შ. ძალიან დიდი მასალა იქნება, საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იქნება. ველოდებით ამ კადრებს. დამიჯერეთ, ეს კადრებიც ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში, სხვა საქმეშიც და, რა თქმა უნდა, მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებით, თუ, რა თქმა უნდა, ამერიკელები ამას მოითხოვენ”. - ამბობს ადვოკატი პალიტრანიუსის ეთერში. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილის გათავისუფლებას ან მისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა, ექსპრეზიდენტმა მკურნალობა საზღვარგარეთ განაგრძოს. სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოწამვლის შედეგია. 

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე 9 იანვარს დაიკითხა ამერიკელი ნევროპათოლოგი, შაჰინ ლაჰანი, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დაავადებები მისთვის სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. აგრეთვე, მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

დეკემბრის ბოლოს, სასამართლოში ასევე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელმაც თქვა, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. 

 

კომენტარები