საქართველო-უკრაინა

იონათამიშვილი პოდოლიაკზე: ფრთხილად იყვნენ, როცა ქართველ ხალხსა და საქართველოზე ილაპარაკებენ

პარლამენტი

ქართული ოცნების დეპუტატი, რატი იონათამიშვილი საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებებს გამოეხმაურა. იონათამიშვილის თქმით, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როცა ქართველ ხალხსა და საქართველოზე ლაპარაკობენ.

"პირველ რიგში, საქართველო საქართველოს მხარეს დგას. მეორე მხრივ, რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება - ერთადერთი, სადაც საქართველო რუსეთთან ურთიერთობს, არის საერთაშორისო სასამართლოები, სტრასბურგი და ჰააგა, სადაც ჩვენ რუსეთს პირწმინდად ვამარცხებთ  [...] თუ ვინმეს ამის შეხსენება სჭირდება, ცხადია, შეხსენებას არ მოვერიდებით. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, რომ ცოტა ფრთხილად იყვნენ, როდესაც ქართველ ხალხსა და საქართველოზე ილაპარაკებენ". - თქვა იონათამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან საუბარს "აზრი არ აქვს", რადგან ისინი "სხვა რეალობაში" არიან. ასევე, პოდოლიაკი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ივანიშვილის მთავრობა აირჩია. პოდოლიაკის შეფასებით, ქართული ოცნება სრულად ფართოდ გახელილი ან დახუჭული თვალებით უყურებს რუსეთის ფედერაციას, მოლოდინით, რომ გადაწყვეტენ რაღაც ენერგეტიკულ, ბიზნეს საკითხებს, არ გააგრძელებენ 2008 წლის ომს, ანუ არ გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

პოდოლიაკის თქმით, ისტორიაში შევა, რომ 2022-2023 წლებში საქართველოს მთავრობა უკრაინის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა.

"გასაკვირია, ისტორიაში ჩაიწერება, რომ 2022-2023 წლებში მთავრობა საქართველოსი, რომელსაც 2008-ში რუსეთის შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ იყო, აგრძელებს უპატივცემულობის დემონსტრაციას უკრაინის მიმართ, ევროპის რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან გათავისუფლების პროცესის მიმართ. დაე, ქართველებმა მომავალში ამით იცხოვრონ".  – დაამატა პოდოლიაკმა.

კომენტარები