საქართველო-უკრაინა

პოდოლიაკი: საქართველოს ასეთ მთავრობასთან საუბარს აზრი არ აქვს, სხვა რეალობაში არიან

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან საუბარს "აზრი არ აქვს", რადგან ისინი "სხვა რეალობაში" არიან. ამის შესახებ მან YouTube-არხის, Голованов-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"საქართველოსთან ძალიან მარტივი დამოკიდებულება მაქვს. არსებობს ქართველი ხალხი, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ დიდი შეცდომა დაუშვეს, როცა ასეთი ხელისუფლება აირჩიეს. ბატონი ივანიშვილის სახელობის ხელისუფლება, რომელიც სრულად ფართოდ გახელილი ან დახუჭული თვალებით უყურებს რუსეთის ფედერაციას, მოლოდინით, რომ გადაწყვეტენ რაღაც ენერგეტიკულ, ბიზნეს საკითხებს, არ გააგრძელებენ 2008 წლის ომს, ანუ არ გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. საქართველოს დღევანდელ მთავრობასთან საუბარს აზრი არ აქვს, ისინი სხვა რეალობაში არიან. დღესაც კი, ომის დაწყებიდან ათი თვის შემდეგ, არ ესმით, ვის მხარეს უნდა იყვნენ, მაგრამ ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია სურთ". – თქვა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, ისტორიაში შევა, რომ 2022-2023 წლებში საქართველოს მთავრობა უკრაინის მიმართ უპატივცემულობას იჩენდა.

"გასაკვირია, ისტორიაში ჩაიწერება, რომ 2022-2023 წლებში მთავრობა საქართველოსი, რომელსაც 2008-ში რუსეთის შოვინისტური ელიტის თავდასხმის ქვეშ იყო, აგრძელებს უპატივცემულობის დემონსტრაციას უკრაინის მიმართ, ევროპის რუსეთის ფედერაციის ექსპანსიონიზმისგან გათავისუფლების პროცესის მიმართ. დაე, ქართველებმა მომავალში ამით იცხოვრონ".  – დაამატა პოდოლიაკმა.

კომენტარები