მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ექიმი: სააკაშვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისთვის სასჯელის გადავადების ან მისგან სრულად გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ამერიკელ გასტროენტეროლოგს, სტიუარტ ფინკელს კითხავენ. პროცესზე ექიმმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საჭმლის მომნელებლი სისტემის ამჟამინდელმა მდგომარეობამ შეიძლება მისი სიკვდილი გამოიწვიოს.

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ექიმს ჰკითხა, ამ ტიპის მკურნალობით, რაც ახლა ექსპრეზიდენტს უტარდება და დინამიკაში მისი გასტროენტეროლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია თუ არა, რომ მისი სიკვდილი დადგეს, თუ სააკაშვილს დასავლეთ ევროპისა და აშშ-ს მესამე დონის კლინიკებში კვალიფიციური მკურნალობა სასწრაფოდ არ გაეწევა.

"პირველი კითხვა იყო, მიხეილ სააკაშვილის საჭმლის მომნელებელი სისტემის მდგომარეობამ შეიძლება თუ არა, რომ სიკვდილი გამოიწვიოს? ჩემი პასუხია, დიახ. ეს 47%-იანი წონის კლება, რომელიც სახეზე გვაქვს და რომელიც გრძელდება, თუ შესაბამისად დიაგნოსტირებული და ნამკურნალები არ იქნება, ამან შეიძლება სიკვდილამდე მიგვიყვანოს. ჩემი ეს პოზიცია კატეგორიულიც არის და ძლიერიც". - უპასუხა ამერიკელმა ექიმმა.

წინა სასამართლო სხდომაზე, 9 იანვარს აგრეთვე დაიკითხა ამერიკელი ნევროპათოლოგი, შაჰინ ლაჰანი, რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დაავადებები მისთვის სასჯელის მოხდისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. აგრეთვე, მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტს ბევრი შეუსაბამო მედიკამენტი დაუნიშნეს.

დეკემბრის ბოლოს, სასამართლოში ასევე დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, რომელმაც თქვა, ის თვლის, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა ვივამედში გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება. 

კომენტარები