მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ალასანია: დღეს სააკაშვილმა გონება დაკარგა, მისი მოსულიერება ძალიან გაუჭირდათ

გიული ალასანია
კადრი ვიდეოდან/TV პირველი

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, დღეს მისმა შვილმა კლინიკა ვივამედში გონება დაკარგა. ალასანიას თქმით, ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რომ ასეთი შემთხვევა გამეორდეს და მისივე განცხადებით, შესაძლოა, ის ფატალური შედეგით დასრულდეს.

"დღეს კლინიკა ვივამედში მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა. გლდანის ციხის საავადმყოფოს შემდეგ, ეს მის მიერ გონების დაკარგვის მეორე, ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. ამ ორს შორის შუალედში, პატარ-პატარა ეპიზოდები იყო, მაგრამ იქ ასეთი მძიმე მდგომარეობა არ ყოფილა. დღეს კი სააკაშვილის მოსულიერება ძალიან გაუჭირდათ. ის იატაკზე იყო დაგდებული, ბადრაგები ჩაერთნენ და აიყვანეს. მას სათანადო ღონისძიებები ჩაუტარდა და როგორც იქნა, მოასულიერეს. ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რომ მესამე შემთხვევა გამეორდეს და ის ფატალურად დამთავრდეს. აი, ეს რეალობა გვაქვს". - თქვა გიული ალასანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

ალასანიამ აგრეთვე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველო სახელმწიფოებრიობას დაკარგავს.

"თუ ჩემი შვილის შემთხვევა ფატალურად დასრულდა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ჩვენ საქართველოში წელში გადავტეხავთ დემოკრატიას, არამედ, სახელმწიფოებრიობა აღარ გვექნება, საქართველო წაიშლება [...] საბედნიეროდ, მე და ჩემს შვილს ბევრი მხარდამჭერი გვყავს და თუ ეს ასე ცუდად დამთავრდება, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ ის ადამიანები სამაგალითოდ დაისჯებიან, რომლებიც ჩემი შვილის მკვლელობაში კოლექტიურად იღებენ მონაწილეობა". - განაცხადა ალასანიამ.

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

კომენტარები