მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ნადირაძე: მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე დასწრების რეკომენდაციას არ გავცემთ

ნინო ნადირაძე
TV იმედი

კლინიკა ვივამედის გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის თქმით, ისინი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ გასცემენ. ნადირაძე ამბობს, რომ რაიმე გართულების შემთხვევაში, პასუხისმგებელი სწორედ კლინიკა იქნება.

"არ გავცემთ რეკომენდაციას [მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე], იმიტომ რომ არც აქამდე გაგვიცია. სანამ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება, მასზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ [...] ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, შემდგომში დამნაშავეები ხომ ჩვენ ვიქნებით, თუმცა, დამნაშავეს არ დავეძებთ, ჩვენ ყოველთვის პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამოვმდინარეობთ. ვერავითარ შემთხვევაში, ვერც ერთი პაციენტის, ექსპრეზიდენტი იქნება ეს თუ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე, ჩვენი ხელით ასეთ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. სააკაშვილი ამაზე ბევრად უკეთ იყო და მაშინ არ გაგვიცია რეკომენდაცია. ჩვენ სააკაშვილის სასამართლოზე მონაწილეობა ერთადერთხელ დავუშვით - სასამართლოს წარმომადგენლები კლინიკაში შემოვიდნენ და გვკითხეს, მას საუბარი შეეძლო თუ არა და დავწერეთ კი და კი ნახეთ, რაც დაემართა. იმის შემდეგ, რაც ვნახეთ, ის სასამართლო პროცესის დროს როგორ მდგომარეობაში ჩავარდა, საერთოდ არც განგვიხილავს, რომ ასეთი მძიმე პასუხისმგებლობა კიდევ აგვეღო". - თქვა ნინო ნადირაძემ მთავარ არხთან სატელეფონო საუბრის დროს.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ექსპრეზიდენტი მის მომდევნო სასამართლო პროცესზე, რომელიც 9 იანვარსაა ჩანიშნული, პირადად დასწრებას ითხოვს, რასაც ადვოკატებიც ეთანხმებიან.

სასამართლო სხდომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მიმდინარეობს.

კომენტარები